LIVE

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

13 აპრ 202312:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 477
აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

აშშ რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვებს აფართოებს. ამჯერად სანქციები 20-ზე მეტ ქვეყანაში რეგისტრირებულ 120-ზე მეტ ბიზნესსა და ფიზიკურ პირს შეეხო

შეზღუდვები კიდევ უფრო ზღუდავს საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე რუსეთის წვდომას. 

„აშშ გააგრძელებს რუსეთის და უკრაინაში მისი ომის მხარდამჭერების წინააღმდეგ მოქმედებებს“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

სანქციები, რომლებიც აშშ-მა ბრიტანეთთან შეთანხმებით დააწესა, მოიცავს რუსულ კერძო სამხედრო კომპანიას, ჩინეთში დაფუძნებულ კომპანიას და უნგრეთში რუსეთის კონტროლირებად ბანკს.

სანქციების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა რუსი მილიარდერი ბიზნესმენი ალიშერ უსმანოვი, რომელსაც ხაზინის განმარტებით, ბიზნესის ქსელები და ოჯახის წევრები, რომელთა მეშვეობითაც ფინანსურ ტრანზაქციებს ახორციელებდა, პოტენციურად სანქციების თავიდან არიდების საშუალებას აძლევდა. 

ახალი შეზღუდვები ასევე შეეხო კერძო სამხედრო კომპანია "პატრიოტს", რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, დაკავშირებული იყო რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან და კონკურენციას უწევდა "ვაგნერის" დაქირავებულ ჯგუფს.

სანქციების კიდევ ერთი სამიზნე გახდა ჩინეთში დაფუძნებული თანამგზავრული სურათების რისელერი China HEAD Aerospace Technology, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, "ვაგნერთან" და მის ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებულ პირებს უკრაინის სატელიტურ ფოტოებს აწვდიდა.

ახალ სანქციებში მოხვდა კიდევ ერთი ჩინეთში დაფუძნებული კომპანია King-Pai Technology HK, რომელიც, ხაზინის თანახმად, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მრავალი აქტორის მიმწოდებელია.

სახელმწიფო დეპარტამენტმა Rosatom-ი ენერგიის ექსპორტის  პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის განხორციელებაში დაადანაშაულა და ფიზიკურ პირთან ერთად, ხუთი იურიდიული პირი სანქციების სიაში შეიყვანა. ვაშინგტონს თავად Rosatom-ზე სანქციები არ დაუწესებია.

აშშ-მა ასევე დააწესა სანქციები თურქეთში დაფუძნებულ სულ მცირე ოთხ იურიდიულ პირზე, რომელიც, მისი განცხადებით, არღვევს ამერიკის ექსპორტის კონტროლის წესებს და ეხმარება რუსეთის ომის მანქანას. ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ის მიერ თურქეთის მიმართ განხორციელებული ყველაზე დიდი სააღსრულებო მოქმედებაა.

სანქციები ასევე შეეხო უსმანოვის USM Holdings-ის მართვის ქვეშ მყოფ რუსულ მობილურ ოპერატორ Megafon-ს, რუსეთის რკინის მადნის უმსხვილეს მწარმოებელ Metalloinvest-ს (მათ შორის, Metalloinvest-ის შვეიცარიასა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულ შვილობილ კომპანიებს), რუსეთში დაფუძნებულ Udokan სპილენძის პროექტის ოპერატორს და უსმანოვის უზბეკეთში მდებარე ცემენტის საწარმო Akhangarancement-ს.

აშშ-ს ხაზინის განაცხადებით, სანქციები შეეხო ბუდაპეშტში მდებარე International Investment Bank-ს (IIB), რომლის წილების უდიდესი ნაწილი რუსეთის მფლობელობაშია და მის სამ მიმდინარე ან ყოფილ ხელმძღვანელს.

შეზღუდვები შეეხო Sequoia Treuhand Trust Reg-ს, ლიხტენშტაინში დაფუძნებულ სატრასტო მომსახურების კომპანიას, რამდენადაც აშშ-ის განმარტებით, მის კლიენტებს შორის არიან რუსული ელიტის წარმომადგენლები, როგორიცაა გენადი ნიკოლაევიჩ ტიმჩენკო.