LIVE

ელექტროენერგიის წარმოებიდან მომდინარე ემისიები შემცირდება - ანგარიში

15 აპრ 202318:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 593
ელექტროენერგიის წარმოებიდან მომდინარე ემისიები შემცირდება - ანგარიში

ახალი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო წელს ელექტროენერგიის წარმოებისთვის ნაკლებ ბუნებრივ წიაღისეულ საწვავს გამოიყენებს, რაც კლიმატ-მეგობრული ენერგიის მოხმარებაში „გარდამტეხი მომენტი“ იქნება. 

ბრიტანული ორგანიზაციის Ember-ის „გლობალური ელექტროენერგიის მიმოხილვის“ მიხედვით, ეს იქნება ელექტროენერგიის წარმოებისთვის ბუნებრივი წიაღისეულის გამოყენების პირველი წლიური ვარდნა, გლობალური რეცესიისა და პანდემიის პერიოდის გაუთვალისწინებლად. შედეგად, ენერგიის წარმოებაში სათბური აირების გამოყოფა შემცირდება.

კვლევის ავტორები მოსალოდნელ ცვლილებებს განახლებადი ენერგიის ბუმს უკავშირებენ, რომელსაც მეტწილად ჩინეთი წარმართავს. ამჟამინდელი მონაცემებით, ქარისა და მზის ენერგიით მსოფლიო ელექტროენერგიის 12% იწარმოება. ანალიტიკოსების მოლოდინით, ელექტროენერგიაზე წლევანდელი მოთხოვნის ზრდას განახლებადი ენერგიის წყაროები სრულად დააკმაყოფილებენ.

2021 წელს ენერგო სექტორში ნახშირბადის ემისიების მესამედი ელექტროენერგიის წარმოებაზე მოდიოდა. ამ მონაცემებით გლობალურ დათბობის პროცესებში ელექტროენერგიის წარმოებას ყველაზე დიდი წილი აქვს. შესაბამისად, ამ სექტორში ბუნებრივი წიაღისეულის მოხმარების ეტაპობრივი აღმოფხვრა კრიტიკულად მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებების საშიში დონეებისთვის თავის ასარიდებლად.

ახალ კვლევაში იმ ქვეყნების მონაცემებია გამოყენებული, საიდანაც გლობალური ელექტროენერგიის მოთხოვნის 93% მოდის.

Ember-ის მიმოხილვის მეოთხე გამოცემა ხაზს უსვამს ენერგიის წარმოებაში ბუნებრივი წიაღისეულის როლის შემცირების პროგრესს.

მთავარი განვითარება ელექტროენერგიის წარმოებაში მზარდი მზისა და ქარის, როგორც ეკონომიკურად მომგებიანი წყაროების გამოყენებაა. გასულ წელს გლობალურად წარმოებული მზის ენერგია 24%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, ეს რაოდენობა სამხრეთ აფრიკის ზომის ქვეყნების წლიური მოთხოვნისთვის სრულიად საკმარისია.

ბირთვული და ჰიდროენერგეტიკის ჩათვლით, 2022 წელს წარმოებული ელექტროენერგიის 39% სუფთა წყაროებისგან იქნა წარმოებული. თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვანახშირის გაზრდილი მოხმარების გამო, სათბური აირების ემისიები ენერგო სექტორიდან მზარდი იყო. თავის მხრივ, ეს გამოიწვია ელექტროენერგიაზე მომატებულმა მოთხოვნამ, რომელიც ტრადიციული გზით გამომუშავებული მიწოდებით დაკმაყოფილდა.

ამისდა მიუხედავად, კვლევა ამბობს, რომ 2023 წელს ქარისა და მზის ენერგიის გამომუშავება მოთხოვნაზე დიდი იქნება, რაც სათბური აირების გამოყოფის შემცირებაზე დიდ გავლენას მოახდენს.

მიუხედავად იმისა, რომ წელს ელექტროენერგიის წარმოებაში წიაღისეული საწვავის ემისიების შემცირება სულ რაღაც 0.3% იქნება, ავტორები მიიჩნევენ, რომ მომდევნო წლებში ვარდნის ტემპი ბევრად დაჩქარდება. ამისთვის მთავარი განმაპირობებელი გაზის მოხმარების შემცირებაა, რომელმაც გასულ წელს ასევე მცირედით დაიკლო, თუმცა ანგარიშის მიხედვით, არსებობს ისეთი წარმატებული მაგალითები, როგორიცაა ბრაზილია. ქვეყანამ ჰიდროენერგეტიკის ზრდის ხარჯზე გასულ წელს გაზის გამოყენება 46%-ით შეამცირა.

საერთო ტენდენციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩინეთი. ქარის ენერგიის მომატებული გამომუშავების 50% და მზის ენერგიის ახალი 40% მოდის იმ ქვეყნიდან, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით ქვანახშირიდან წარმოებულ ენერგიას იყენებს.

 „არსებობს შანსი, რომ ჩინეთის ასეთი ტემპით ქარის, მზისა და სხვა სუფთა სახის ენერგიის წარმოების ზრდით, ქვანახშირის მომხმარების შემცირების მნიშვნელოვანი მაჩვენებელი 2025 წლამდე მიიღწევა“,- ამბობს დეივ ჯონსი, Ember-ის კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

კვლევაში აღნიშნულია, რომ სუფთა ენერგიის მიზნების მისაღწევად 30-40 წელი აღარაა ხელმისაწვდომი და ელექტროენერგიის წარმოების სრულად დეკარბონიზაცია გაცილებით მოკლე დროში უნდა მოხდეს.