LIVE

რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია მოხდება თუ დემონტაჟი ჯერ უცნობია - მთავრობის გეგმა

10 აპრ 202316:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 307
რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია მოხდება თუ დემონტაჟი ჯერ უცნობია - მთავრობის გეგმა

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 500-საწოლიანი სახელმწიფო კლინიკა იქნება, რასაც კონცეფცია ითვალისწინებს.

მისივე თქმით, ჯერ უცნობია შენობის რეაბილიტაცია მოხდება, სართულების ცვლილება, თუ არსებული კლინიკის ნაცვლად ახალი აშენდება. 

„სამედიცინო საზოგადოებასთან და რესპუბლიკურის თანამშრომლებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. მათ ღიად და მკაფიოდ დავუდასტურე, რომ ჩვენი კომენტარები და შეფასებები არ ითვალისწინებდა მყისიერად ამ შენობის რეაბილიტაციის დაწყებას, ან ამ შენობის დემონტაჟს.

შევთანხმდით კომუნიკაციის ფორმებზე. გარკვეული ინფორმაციის მიღების შემდეგ, მათ გავაცნობთ და მათთან ერთად შევჯერდებით იმ გადაწყვეტილებაზე, რაც იქნება კლინიკის დემონტაჟი, რეაბილიტაცია, თუ სართულების ცვლილება.

ხუთი სხვადასხვა ტიპის დასკვნას ველოდებით, ასევე, ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ექსპერტის ჩართულობით ვაკეთებთ. მინდა კარგად შეთანხმებულად დავრწმუნდეთ, რა არის საჭირო და აუცილებელი, რომელი გადაწყვეტილება იქნება სწორი“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის პრეზენტაციის შემდეგ. 

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ახალი კლინიკა, ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. ამასთან, კლინიკის ბაზაზე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულება, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა.

ზურაბ აზარაშვილი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო რეგიონული ჰაბი გახდება და საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს შეინარჩუნებს.

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალს, ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები, სხვა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმდებიან ან მშენებლობის განმავლობაში, სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობის დასრულებამდე უწყება უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადებას სპეციალური პროგრამით, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში.