LIVE

Apple-ის პერსონალური კომპიუტერების გადაზიდვები 40%-ით შემცირდა

10 აპრ 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 642
Apple-ის პერსონალური კომპიუტერების გადაზიდვები 40%-ით შემცირდა
David Paul Morris/Bloomberg

2023 წლის პირველ კვარტალში, Apple-ის პერსონალური კომპიუტერების გადაზიდვები 40.5%-ით დაეცა, რაც ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის მკვეთრი ვარდნაა

IDC-ის უახლესი გამოთვლებით, ჯამში პერსონალური კომპიუტერის ყველა მწარმოებლის გადაზიდვები 29%-ით შემცირდა. რიცხობრივად ეს 56.9 მილიონ ინვენტარს შეადგენს, რაც 2019 წლის დასაწყისთან შედარებით, შემცირებული მონაცემებია. 

ბაზრის ლიდერების: Lenovo ჯგუფისა და Dell ტექნოლოგიების გადაზიდვებმა 30%-ზე მეტად, HP-ის მაჩვენებელმა კი - 24.2%-ით იკლო. არც სხვა წამყვან ბრენდებს აქვს უკეთესი მდგომარეობა. მაგალითად, ტოპ ხუთეულში მყოფმა Asustek-მა 30.3%-იანი ვარდნა განიცადა. 

ეს ყველაფერი, გარკვეულწილად იმითაცაა გამოწვეული, რომ პანდემიის საწყის ეტაპზე, დისტანციურ სამსახურებზე გადასვლის გამო, ტექნიკაზე გაზრდილი მოთხოვნა ნელ-ნელა სუსტდება.

მსგავსი ორნიშნა ვარდნა გასულ წელს სმარტფონებისა და მეხსიერების ბარათების მიწოდების ბაზარმაც განიცადა.

სმარტფონების და პერსონალური კომპიუტერების მწარმოებელმა Samsung Electronics-მა გასულ კვირას განაცხადა, რომ მეხსიერების ბარათების წარმოებას ამცირებს. გადაწყვეტილების მიზეზი კვარტალური საოპერაციო მოგების 96%-იანი ვარდნაა. 

IDC-ის მკვლევრის, ჯითეშ უბრანის თქმით, დიდი ფასდაკლებების მიუხედავად, მწარმოებლები არსებული მდგომარეობის მესამე კვარტლამდე გაგრძელებას უნდა ელოდონ.

თუმცა, მეორე მხრივ, შემცირებული გაყიდვების ფონზე, მწარმოებლებს გაუჩნდათ დრო და სივრცე იმისათვის, რომ „მოახდინონ ცვლილებები“ და პროდუქცია ჩინეთს გარეთ გაიტანონ. მაგალითად, Apple ნელ-ნელა ახდენს ბაზრის დივერსიფიკაციას ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, რამაც შეიძლება დააზიანოს მისი კარგად აწყობილი მიწოდების ჯაჭვი.

2024 წლის პერსპექტივებზე მსჯელობისას, IDC-ის მკვლევრები პროგნოზირებენ კომპიუტერულ ტექნიკაზე მოთხოვნის ეტაპობრივ აღდგენას, რაც გამოწვეული იქნება, გაუმჯობესებული გლობალური ეკონომიკის ფონზე, მოძველებული ინვენტარის განახლების მოთხოვნით.