LIVE

მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 1990 წლის შემდეგ ყველაზე სუსტია - IMF

08 აპრ 202318:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 388
მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 1990 წლის შემდეგ ყველაზე სუსტია - IMF

მომდევნო 5 წლის განმავლობაში გლობალური ეკონომიკა სავარაუდოდ 3%-ით გაიზრდება; 1990 წლის შემდეგ ეს მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე ნელი სვლაა, -  აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) გენერალური დირექტორი კრისტალინა გეორგიევა. 

გეორგიევამ ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ შეხვედრაზე ისაუბრა. რამდენიმე განცხადება IMF-ს პრეზიდენტმა დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისათვის დახმარების გაწევის საჭიროებაზე გააკეთა. 

“ჩვენი გლობალური ოჯახის ყველაზე სუსტი წევრებისთვის ყველაზე მდიდრების მხრიდან დამატებითი დახმარების გაწევა აუცილებელია”, - განაცხადა გეორგიევამ და სახელმწიფოებს IMF-ში შესატანი ფინანსების გაზრდისაკენ მოუწოდა, რათა ფონდს შეეძლოს, დახმარებისათვის სესხები გასცეს დაბალი შემოსავლების მქონე სხვა ქვეყნებზე. 

IMF-ს დახმარებისთვის მრავალი ქვეყანა მიმართავს. ამ თხოვნების მიზეზი პანდემიისა და უკრაინაში ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო ეკონომიკური ვითარებაა. 

გასული წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის ინდექსი 3.4%-მდე შემცირდა, რაც ბოლო ორი ათწლეულის საშუალო 3.8%-ზე დაბალი მაჩვენებელია. IMF ვარაუდობს, რომ მიმდინარე 2023 წელს მსოფლიოში 3%-ზე დაბალი ეკონომიკური ზრდა იქნება; აღნიშნული ზრდის უდიდესი ნაწილიც მხოლოდ ინდოეთსა და ჩინეთზე მოვა. 

მაღალგანვითარებული ქვეყნების დაახლოებით 90%-ში ეკონომიკური კლება ივარაუდება, რაც გამოიხატება სესხის აღების უფრო მაღალ ხარჯებში: აღსანიშნავია, რომ ბევრი ქვეყნის ცენტრალურმა ბაკმა მზარდი ფასების სტაბილიზაციის მიზნით საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად გაზარდა. 

“სიღარიბისა და შიმშილის საშიში ტენდენცია, რომელიც Covid-ის კრიზისის დროს დაიწყო, შესაძლოა უფრო გაიზარდოს” - განაცხადა IMF-ის დირექტორმა. 

გარდა იმისა, რომ განვითარებულ სახელმწიფოებს შედარებით მოწყვლადი და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების დახმარებისაკენ მოუწოდა, გეორგიევამ ისიც აღნიშნა, რომ ხელისუფლებებმა უნდა გააგრძელონ საპროცენტო განაკვეთების გაზრდა ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.