LIVE

Meta-ს ახალ ხელოვნურ ინტელექტს ფოტოებზე ობიექტების ამოცნობა შეუძლია

06 აპრ 202314:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 453
Meta-ს ახალ ხელოვნურ ინტელექტს ფოტოებზე ობიექტების ამოცნობა შეუძლია

Facebook-ის მშობელმა კომპანია Meta-მ წარადგინა ხელოვნური ინტელექტის (AI) ახალი მოდელი, რომელსაც ფოტოებზე ობიექტების ამოცნობა და მათი „ამოჭრა“ შეუძლია.

მოდელი, რომელსაც Segment Anything Model-ს (SAM) უწოდებენ, იმითაა გამორჩეული, რომ შეუძლია ფოტოებზე აქამდე შეუმჩნეველი ნაწილები ამოიცნოს. საგულისხმოა, რომ კომპანიამ ახალი AI მოდელი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა.

აქამდე არსებული მსგავსი ტიპის AI მოდელებისგან განსხვავებით, SAM ფოტოზე სხვადასხვა ობიექტს სწრაფად და ზუსტად არჩევს. SAM-ის გამოყენებით, ობიექტის ძიება ფოტოზე შესაძლებელია, როგორც დაწკაპუნებით, ასევე ტექსტური ბრძანებით. მაგალითად, თუ სიტყვა „დათვს“ ავკრეფთ, ფოტოზე დათვის კონტურები გამოიკვეთება. 

Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილი ChatGPT-ის სენსაციური პოპულარობის შემდგომ, ტექნოლოგიურ სფეროში ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის ინვესტიციების ახალი ნაკადი და დომინირებისთვის რბოლა დაიწყო.

Meta ავითარებს ChatGPT-ის მსგავს გენერაციულ ფუნქციებს, რომლებსაც სხვა AI-სგან განსხვავებით, ინფორმაციის მხოლოდ დაჯგუფებისა და თავმოყრის ნაცვლად, სრულიად ახალი შინაარსის შექმნა შეეძლება. მაგალითად, საუბარია ისეთ ხელსაწყოზე, რომელიც საბავშვო წიგნებისთვის ილუსტრაციას ტექსტზე დაყრდნობით შექმნის.

მსგავსი პროდუქტი Meta-ს ჯერ არ გაუსაჯაროებია, თუმცა აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის თქმით, ამ წელს Meta-ს აპლიკაციებში ასეთი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის "კრეატიული დამხმარეების" ჩართვა კომპანიის პრიორიტეტია.