LIVE

Beeline ბაზარზე ოპერირებას Cellfie-ს ბრენდით აგრძელებს

05 აპრ 202310:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1157

„ვიონი საქართველო“ (Beeline) დღეიდან ბაზარზე ოპერირებას ახალი ბრენდით და სახელით - Cellfie აგრძელებს.

ახალ ქართულ ტელეკომ კომპანიაში აცხადებენ, რომ Cellfie ერთდროულად აერთიანებს სატელეფონო კომუნიკაციის, ტელევიზიის, ინტერნეტის, მუსიკის, ფიტნესისა და სხვა სერვისებს.

Cellfie-ს ინფორმაციით, ახალ ბრენდზე გადასვლა მომხმარებელს დისკომფორტს არ შეუქმნის. მათი განმარტებით, Cellfie-ს შექმნა განაპირობა კომპანიის მიერ ციფრული ეკოსისტემის განვითარებამ და უნარმა, რომ 1.3 მლნ მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა სრულად ისარგებლონ თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებით.

„მოხარული ვარ, მომხმარებელს წარვუდგინო ჩვენი ახალი ბრენდი Cellfie, რომლითაც დღეიდან ვიწყებთ ოპერირებას. ბრენდის გაჩენა განაპირობა კომპანიის სურვილმა მიგვეცა მომხმარებლისთვის წვდომა ყველა იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და უმარტივებს ყოველდღიურობას. შეიძლება ითქვას, რომ Cellfie-ს მეშვეობით მომხმარებელი საკუთარი სმარტფონის ყველა ფუნქციას სრულად იყენებს, რადგან Cellfie აბონენტს ყველაფერს რაც მას სჭირდება, ერთდროულად სთავაზობს: კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, სწავლისა და პიროვნული განვითარების, მოგზაურობის, გართობისა თუ მუშაობისთვის საჭირო გადაწყვეტებს.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ინოვაციაზე და მუდმივ განვითარებაზე ორიენტაციასთან ერთად, უცვლელი რჩება ჩვენი მთავარი ღირებულება - ყოველთვის მივცეთ ჩვენს მომხმარებელს საუკეთესო შეთავაზება და მასზე მორგებული მომსახურება“, - განაცხადა Cellfie mobile-ს გენერალურმა დირექტორმა ვასილ ბერიშვილმა. 

მისი განმარტებით, ახალი ბრენდის შექმნაზე Cellfie-ს გუნდი თვეების განმავლობაში მუშაობდა.