LIVE

ფინეთის ნატოში შესვლით, რუსეთისა და ალიანსის საზღვრის სიგრძე გაორმაგდა

04 აპრ 202316:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 616
ფინეთის ნატოში შესვლით, რუსეთისა და ალიანსის საზღვრის სიგრძე გაორმაგდა

ფინეთი ნატოს 31-ე წევრი გახდა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ NATO-ში გაწევრიანების დოკუმენტს ხელი ოფიციალურად მოაწერა. ხელის მოწერის ცერემონია ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა. 

შტაბ-ბინაში ქვეყნის დროშა საზეიმოდ რამდენიმე საათში აღიმართება. ცერემონიაზე ნატოს მინისტრებს ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ელიან.

ფინეთი რუსეთთან 1340 კმ სიგრძის აღმოსავლეთ საზღვარს იზიარებს, რაც ნიშნავს, რომ ფინეთის ალიანში გაწევრიანებით, ნატოს წევრ სახელმწიფოებთან რუსეთის საზღვრის სიგრძე გაორმაგდა. 

ფინეთმა, შვედეთთან ერთად, ნატოში გაწევრიანების განაცხადი გასული წლის მაისში, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო, განაცხადა და ამ ნაბიჯით უარი თქვა, მრავალწლიან პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც, სამხედრო ალიანსის გარეთ ყოფნა რუსეთისგან საფრთხეების თავიდან არიდების საუკეთესო გზად განიხილებოდა.

უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, მათ არჩიეს ნატოს მეხუთე მუხლის დაცვა, რომელიც ამბობს, რომ ერთ წევრზე თავდასხმა არის თავდასხმა ყველაზე. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ თუ ფინეთს თავს დაესხნენ, ნატოს ყველა წევრი, მათ შორის აშშ, მას დაეხმარება.

ფინეთის გაწევრიანება ცუდი ამბავია კრემლისთვის და ასევე დიდი სიკეთე ნატოსთვის. მიუხედავად მისი შედარებით მცირე მოსახლეობისა, ფინეთი სერიოზული სამხედრო ძალაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს არაოფიციალურ ურთიერთობებს დასავლეთთან. მისი სამხედროები ათწლეულების განმავლობაში იყენებდნენ აშშ-ს მიერ შეძენილ აღჭურვილობას, რომელიც თავსებადია ნატოს მოკავშირეებთან.

ფინეთის წევრობა 2020 წელს ჩრდილოეთ მაკედონიის მიღების შემდეგ ნატოს პირველი გაფართოებაა.