LIVE

საქართველოს $23.5 მილიარდის საგარეო ვალი აქვს

31 მარ 202316:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 718
საქართველოს $23.5 მილიარდის საგარეო ვალი აქვს

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 23.5 მლრდ აშშ დოლარი (63.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2022 წლის მშპ-ს 95.7%-ია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 1.4 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან:

  • საკურსო ცვლილების გამო ვალი 764.2 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა;
  • ოპერაციული ცვლილების გამო გაიზარდა 568.1 მლნ. აშშ დოლარით;
  • ფასის ცვლილებების გამო 66.3 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა;
  • სხვა ცვლილებების გამო ვალი 8.7 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.

ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. შესაბამისად, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის სტრუქტურა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.6 მლრდ აშშ დოლარი (28.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 43.2%-ია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.1 მლრდ აშშ დოლარი (21.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.8%), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 896.2 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.6%), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 440 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.8%) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 5%).
  • საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 6.5 მლრდ აშშ დოლარი (17.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.4%); სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.7 მლრდ აშშ დოლარი (12.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 19%); კომპანიათაშორისმა ვალმა - 3.4 მლრდ აშშ დოლარი (9.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 13.9%).

მთლიანი საგარეო ვალის 89.3% დენომინირებულია უცხოური ვალუტით. მათ შორის ვალის 50.7% დენომინირებულია აშშ დოლარში, ხოლო 27.1% ევროში.

მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 28 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 2022 წლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 896.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 34.5 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ოპერაციული ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 6.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.