LIVE

სანქცირებულ რუსულ MTS ბანკს საამიროებში ლიცენზია ჩამოერთვა

31 მარ 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 439
სანქცირებულ რუსულ MTS ბანკს საამიროებში ლიცენზია ჩამოერთვა

არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურმა ბანკმა სანქცირებული რუსული MTS ბანკის ფილიალს ლიცენზია გაუუქმა. აღნიშნული ბანკი გასულ წელს უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ბრიტანული და ამერიკული სანქციების ქვეშ მოექცა. 

რუსული ბანკის საამიროების ოფისში საბანკო ოპერაციები ექვსი თვით შეწყდება. აღნიშნულს ქვეყნის ცენტრალური ბანკი გააკონტროლებს. 

“გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც MTS ბანკის ახლებური სტატუსი განვიხილეთ და ბანკთან დაკავშირებით სანქციების რისკები გავითვალისწინეთ",- აცხადებენ არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკში.

გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რუსული ბანკი MTS ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. 

MTS-ის 42.09%-იან წილს რუსული კონგლომერატი Sistema ფლობს. აღსანიშნავია, რომ Sistema-ს უდიდესი აქციონერი იყო რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი, რომელმაც მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა გასულ წელს მას ინდივიდუალური სანქციები დააკისრა, აღნიშნულ კომპანიაში თავისი აქციების 10% შვილს გადასცა. 

არაბთა გაერთიანებული საამიროები ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) წევრი სახელმწიფოა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საამიროებმა, დასავლეთის მკაცრი სანქციების მიუხედავად, ახლო ურთიერთობები შეინარჩუნა მოსკოვთან.