
მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილების თანახმად, მრავალბინიან საცხოვრებელ მაღლივ შენობებში ხანძარსაწინააღმდეგო ავტოსაშხეფი სისტემის დაყენების ვალდებულება, 2028 წლის 1 აპრილამდე გადავადდა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ტექნიკური სტანდარტის პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, ასოციაციის, დეველოპერული და სამშენებლო პროფილის მქონე კომპანიებთან კონსულტაციები.
„წამყვანი დეველოპერული და სამშენებლო კომპანიები ერთხმად აღიარებენ, რომ ნორმატიული აქტის არსებული რედაქცია არ ითვალისწინებდა ქვეყანაში არსებულ რეალურ მოცემულობას. მეტიც, მისი დანერგვა უთუოდ გამოიწვევდა გაუთვალისწინებელ „გვერდით მოვლენებს“ და ნეგატიურად აისახებოდა არა მხოლოდ დეველოპერულ საქმიანობაზე, არამედ მნიშვნელოვან დისკომფორტს შეუქმნიდა თავად ბინის მესაკუთრეებს.
2023 წლის 23 მარტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირები, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წარადგინა ზემოხსენებულ წევრ კომპანიებთან შეჯერებული, არგუმენტირებული დასაბუთება“, - აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაში.
აღსანიშნავია, რომ ხანძრის ჩასაქრობად აპრობირებული საშუალებაა წყლის ავტომატური საშხეფი დანადგარების გამოყენება. სისტემა ავტომატურად აქტიურდება, ეს კი საგრძნობლად ზრდის ხანძრის ადრეულ ეტაპზე ჩაქრობის შესაძლებლობას.