LIVE

საფრანგეთში პროტესტი იკლებს, სანიტარული მუშაკები სამუშაოს უბრუნდებიან

29 მარ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 563
საფრანგეთში პროტესტი იკლებს, სანიტარული მუშაკები სამუშაოს უბრუნდებიან

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მძლავრი საპროტესტო ტალღა, სავარაუდოდ, ნელდება. პარიზში გაფიცული სანიტარული მუშაკები დღეს სამუშაოს დაუბრუნდნენ, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის დედაქალაქის ქუჩები წინააღმდეგობის მთავარი სიმბოლოსგან,  ტონობით ნაგვისგან გასუფთავდება

დასუფთავების ეკიპაჟებმა 6 მარტის შემდეგ დაგროვილი ნაგვისა და ნამსხვრევების შეგროვება უკვე დაიწყეს. 

საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში ნაგვის მოცულობა დაახლოებით 10000 ტონას აღწევს და ეიფელის კოშკის წონას უახლოვდება. 

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების გაფიცვის შეჩერება იმ ფონზე, როცა საპროტესტო აქციებში მონაწილეთა რიცხვი იკლებს, კანონპროექტის წინააღმდეგ დემონსტრაციების დასრულების დასაწყისზე მიანიშნებს. 

გუშინ პარიზში საპროტესტო აქციებს ათობით ადამიანის დაპატიმრება და ძალადობის გამწვავება მოჰყვა, თუმცა მედიის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, აქციებში მონაწილეთა რიცხვი მნიშვნელოვნად იკლებს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გუშინ გამოსვლებში 740 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, რაც 5 დღის უკან მონაწილეთა რიცხვს, 1 მილიონს საგრძნობლად ჩამორჩება. 

პროფკავშირებისთვის კანონის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. პროტესტის მეთერთმეტე დღე 6 აპრილს არის დაგეგმილი.

საფრანგეთში გაფიცვებსა და საპროტესტო აქციებს მიმართეს ფრანგებმა, რომლებსაც 2030 წლისთვის საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდა არ მოსწონთ. პრეზიდენტ მაკრონის მთავრობამ კონსტიტუციური ჩანაწერით ისარგებლა და გადაწყვეტილება პარლამენტის თანხმობის გარეშე დაამტკიცა. ამ ნაბიჯმა საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გაზარდა.