
გასულ თვეში, დიდ ბრიტანეთში საცალო გაყიდვები 1.2%-ით გაიზარდა, რაც გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საცალო გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მეორად ტანსაცმელზე გაზრდილი მოთხოვნაა. როგორც ეროვნული სტატისტიკის ოფისში ამბობენ, მეორადი საქონლის მაღაზიებში გაყიდვების "ძლიერი ზრდა" დაფიქსირდა.
გაზრდილია სურსათის გაყიდვებიც, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს იმითაც, რომ აღნიშნულის პარალელურად სარესტორნო ხარჯები შემცირდა და მოსახლეობა ახლა უფრო ხშირად ამზადებს სახლში საკვებს. აღსანიშნავია, რომ თებერვალში სამომხმარებლო ფასები 10.4%-მდე გაიზარდა, რაც 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ მოცემულობის ფონზე კი, ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები 4%-დან 4.25%-მდე გაზარდა.
რაც შეეხება საცალო გაყიდვების ზრდას, საერთო ჯამში აღნიშნული პირველად გახდა განსაკუთრებით შესამჩნევი ბოლო 18 თვის განმავლობაში. მართალია, გაყიდვების საერთო მოცულობა პანდემიამდელ დონეს მიუახლოვდა, თუმცა გასული წლის მაჩვენებელს 3.5%-ით მაინც ჩამორჩება.