
ასი წლის წინ, 1921 წლის თებერვალში, წითელი არმია მარშით შევიდა საქართველოს დედაქალაქ თბილისში. იმ დღეს საქართველო საბჭოთა ოკუპაციის წინაშე აღმოჩნდა, დაკარგა თავისუფლება და მისი ადგილი დასავლეთის ქვეყნებს შორის. საქართველომ ისევ შეანელა სვლა დასავლეთის მიმართულებით, როდესაც პოლიცია ძალის გამოყენებით შეიჭრა ძირითადი ოპოზიციური პარტიის შტაბბინაში და დააკავა მისი ლიდერი, ნიკა მელია.
აშშ და ევროკავშირი აფრთხილებდნენ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ გასცდენოდა დემოკრატიული, სამართლიანი თამაშის წესების ჩარჩოებს. ახლა, მთავრობამ დაკარგა ამგვარი თავშეკავების გრძნობა. ეს მკაფიო სიგნალია, რომ საქართველომ მკვეთრად გადაუხვია დეკლარირებული მიზნისგან, გამხდარიყო ევრო-ატლანტიკური საზოგადოების წევრი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის დაკავება ნიშნავს, რომ რეგიონში ვაშინგტონის ყველაზე ერთგული მოკავშირე ავტორიტარიზმისკენ იხრება.
ბოლო 30 წლის მანძილზე ამერიკელებმა და ევროპელებმა მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელეს საქართველოში იმ იმედით, რომ პატარა სამხრეთ-კავკასიური ერი სანდო მოკავშირე გახდებოდა პოსტ-საბჭოთა სივრცეში. დასავლეთში საქართველოს განიხილავდნენ, როგორც სატესტო მაგალითს: თუ 70-წლიანი საბჭოური მმართველობის შემდეგ საქართველო მოსკოვის ორბიტიდან გამოვიდოდა, მაშინ რეგიონის სხვა ქვეყნებიც შეძლებდნენ იქ დამკვიდრებული კორუფციული პრაქტიკების დაძლევას და საკუთარი ადგილის დამკვიდრებას დასავლეთში. თბილისმა დაამტკიცა, რომ შეუძლია იყოს დასავლეთის არსებითი მოკავშირე, რეგიონში რუსეთთან განახლებული გეოპოლიტიკური კონკურენციის ფონზე.
მელიას დაკავებამ ცხადყო, რომ საქართველო კვლავ რჩება საბჭოური მემკვიდრეობის და რუსული იმპერიული ამბიციების სამიზნედ. უკანასკნელი 9 წლის მანშილზე, რუსეთში გამდიდრებული ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აღმასვლა, საქართველოში დემოკრატიული ნორმების დაკნინების პარალელურად მიმდინარეობდა. მას პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა 2012-2013 წლბში, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ სწორედ ის მართავს პროცესებს სცენის მიღმა. მისი პოლიტიკური მმართველობის დროს გაიზარდა კონტროლი სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მნიშვნელოვნად დაკნინდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, გაუარესდა მედია თავისუფლება და სისტემატურად იდევნებიან პოლიტიკური ოპონენტები. ნიკა მელიას დაკავებას, რომელსაც ბრალს დებენ 2019 წელს თბილისში ანტი-რუსული დემონსტრაციის დროს ძალადობაში, დიდი კმაყოფილებით შეხვდებოდნენ მოსკოვში.
ზოგიერთი, პარალელს ავლებს ალექსეი ნავალნისთან, რომლის ამჟამინდელმა დაპატიმრებამ დასავლეთის დიდი კრიტიკა გამოიწვია. მელიას, როგორც ნავალნის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალი, ფართოდ აღიქმება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. სხვაობა ისაა, რომ ეს ხდება ქვეყანაში, რომელსაც ვაშინგტონიდან ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და პოსტ-საბჭოთა სივრცეში რეფორმების კუთხით ერთ დროს „თავისუფლების შუქურად“ მოიხსენიებდნენ.
საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა მრავალი დასავლელი დამკვირვებლის პოზიცია გააჟღერა, როდესაც ბოლოდროინდელ მოვლენებს შოკისმომგვრელი უწოდა. ამის მიუხედავად, მათთვის, ვინც საქართველოს ბოლოდროინდელ განვითარებას აკვირდებოდა ეს არ ყოფილა დიდი სიურპრიზი. ბოლოდროინდელი მოვლენა დიდი ხნის მანძილზე მწიფდებოდა.
ამ ფონზე, აშშ ძირითადად არ სჩანდა. ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოში ელჩი ორ წელზე დიდხანს არ დანიშნა. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც საქართველოს მთავრობას დემოკრატიული პრინციპების დაცვისაკენ მოუწოდებდა, ადგილზე არსებული სიტუაციის მიმართ ყურადღების ნაკლებობამ დაუსჯელობის გრძნობა გაუჩინა ივანიშვილის მიერ მართულ მთავრობას.
თბილისმა გამოიყენა ამერიკის პასიურობა იმის დასატესტად, თუ სადამდე შეეძლო წასულიყო. მოსკოვის და პეკინის გულის მოსალბობლად, გაუქმდა ანაკლიის ღრმა წყლის საზღვავო პორტის პროექტი, რომელსაც ვაშინგტონი მიიჩნევდა მის ძირითად სტრატეგიულ ინტერესად სამხრეთ კავკასიაში. მთავრობამ წაახალისა ანტი-დასავლური და ქსენოფობიური სენტიმენტები, მოკავშირეებად გაიჩინა ღიად პრორუსული პოლიტიკური პარტიები/მოძრაობები და დაშალა ანტი-რუსული პროტესტის მონაწილეები რეზინის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით.
ვაშინგტონში ნიკა მელიას დაკავებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. სენატორების და კონგრესმენების ორპარტიულმა ჯგუფმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომლითაც საქართველოს მთავრობას მელიას განთავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ. მასში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი „საფრთხეს უქმნის საქართველოს ისედაც დასუსტებულ დემოკრატიასა და მის ევროატლანტიკურ კურსს“. ამ განცხადების კონტრასტულად, სახელმწიფო დეპარტამენტის და, ზოგადად, ბაიდენის ახალი ადმინისტრაციის რეაქცია მეტი სირბილით გამოირჩევა. როგორც ისტორია ცხადყოფს, დემოკრატია ერთ დღეში არ კვდება, არამეთ ნელ სტაგნაციისა და დაღმასვლის შედეგად. პრეზიდენტმა ბაიდენმა თავად თქვა, რომ „დემოკრატიული პროგრესი თავდასხმის ქვეშაა“ მთელ მსოფლიოში. ეს ახალი ადმინისტრაციისთვის ტესტია. თუ ვაშინგტონი ვერ შეძლებს შეაჩეროს მისი მოკავშირე საქართველოს სვლა ავტორიტარიზმისკენ, რა წარმატება ექნება ვაშინგტონს ისეთ დიდ ქვეყნებთან, როგორებიცაა რუსეთი და თურქეთი? თბილისში იმედოვნებენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო აქტიურ როლს ითამაშებს. როგორც ვინსტონ ჩერჩილმა თქვა „ამერიკელები სულ სწორ სვლას აკეთებენ მას შემდეგ, რაც ყველა სხვა საშუალებას ამოწურავენ“. მათ, ვისაც ქართული დემოკრატიის მომავალი ადარდებთ იმედი აქვთ, რომ სწორი სვლების დრო დადგა.
Washinton Post-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანი ჩხიკვაძე.