
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 9.46 მლნ ლარით (0.02%-ით) შემცირდა და თებერვლის ბოლოს 44.45 მლრდ ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 144.87 მლნ ლარით (0.59%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 154.32 მლნ ლარით (0.77%-ით) შემცირდა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.35 მლრდ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით, 12.32 მლრდ ლარის მოცულობის სესხი.
წინა თვეში 0.18%-ით, ანუ 42.04 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თებერვლის ბოლოსათვის 23.84 მლრდ ლარი შეადგინა.
სებ-ის თანახმად, 2023 წლის თებერვლის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.35% შეადგინა. 31 იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, მონაცემები 0.34 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
რაც შეეხება დეპოზიტებს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის თებერვლის ბოლოსათვის 43.61 მლრდ ლარი შეადგინა. მონაცემები 36.79 მლნ ლარით, ანუ 0.08%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
თებერვალში, იანვართან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 38.20 მლნ ლარით, ანუ 0.23%-ით გაიზარდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 74.99 მლნ ლარით, ანუ 0.28%-ით შემცირდა.
თებერვლის ბოლოსთვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 45.23% შეადგინა. 31 იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.12 პროცენტული პუნქტით.
სებ-ის თანახმად, თებერვალში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.36% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.51%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.17%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 81.40%, ხოლო ევროს წილი 16.92% იყო.
შეგახსენებთ, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 41.2 მლნ ლარით, ანუ 0.06%-ით გაიზარდა და 2023 წლის თებერვლის ბოლოს 67.8 მლრდ ლარი შეადგინა.
კომერციული ბანკების სააქციო კაპიტალი 9.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც მათი მთლიანი აქტივების 14.2%-ია.