LIVE

ყაზახეთი რუსეთთან ვაჭრობაზე კონტროლს ამკაცრებს

27 მარ 202315:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 382
ყაზახეთი რუსეთთან ვაჭრობაზე კონტროლს ამკაცრებს

ყაზახეთი ექსპორტიორებისგან, რომელთაც რუსეთში საქონელი გააქვთ, დამატებითი დოკუმენტების წარდგენას მოითხოვს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული კომპანიები დასავლური სანქციების ფონზე, ქვეყანაში პროდუქციის არალეგალურად შესატანად ყაზახურ ფირმებს შუამავლებად იყენებდნენ.

რუსეთი ყაზახეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დასავლეთმა აკრძალა ათასობით პროდუქტის მიყიდვა რუსეთისთვის, ყაზახურმა კომპანიებმა დაიწყეს ამ საქონლის შეძენა და შემდეგ მათი გადაყიდვა რუსულ ფირმებზე. 

ასტანაში აცხადებენ, რომ ყაზახეთი სანქციების პირობებს დაიცავს. 1-ელი აპრილიდან რუსეთში საექსპორტოდ გასატანი პროდუქცია უფრო მკაცრად შემოწმდება, რაც არალეგალურ ვაჭრობას შეამცირებს. 

გასულ წელს ყაზახეთის ექსპორტი რუსეთში 25%-ით გაიზარდა. ამასთან, თურქეთის ნაბიჯმა, უარი თქვას რუსეთში “პარალელურ იმპორტზე”, უფრო დიდი მოთხოვნა გააჩინა საქონელზე, რომელსაც რუსები პირდაპირი გზებით ვეღარ ყიდულობენ.