LIVE

ღარიბაშვილი: 10 წელში მოსახლეობამ საყოველთაო ჯანდაცვით ₾6.3 მილიარდი დაზოგა

27 მარ 202311:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 309
ღარიბაშვილი: 10 წელში მოსახლეობამ საყოველთაო ჯანდაცვით ₾6.3 მილიარდი დაზოგა

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 10 წელში საქართველოს მოსახლეობამ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, 6.3 მლრდ ლარი დაზოგა. ღარიბაშვილის განმარტებით, ქვეყანაში შემცირდა ჯანდაცვის სერვისებზე ე.წ. ჯიბიდან გადახდები და მოქალაქეების 90%-ზე მეტს მიეცა ამ მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა.

ბოლო წლებში უპრეცედენტოდ გაიზარდა ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ასიგნებების მოცულობა. შედარებისთვის, 2012 წელს 450 მლნ ლარი იყო, წელს კი 1 მლრდ 450 მლნ ლარია. თითქმის მილიარდნახევარი ლარი გახდა ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი. ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროგრესია.

2012 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 70 მლნ ლარს შეადგენდა. აღნიშნული პროგრამა რომ არ დაგვეწყო, ჩვენს მოქალაქეებს - დაახლოებით 3 მლნ ადამიანს საკუთარი ჯიბიდან მოუწევდა დაახლოებით 6 მლრდ 300 მლნ ლარის გადახდა, ან ბანკებიდან უნდა აეღოთ სესხები. სახელმწიფოს მიერ გაღებული 7 მლრდ ლარის დაფინანსების შედეგად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, გასული 10 წლის განმავლობაში, 6 მლრდ 300 მლნ ლარი დაზოგა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.