LIVE

ბორელი ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებაზე: ევროკავშირი მზადაა, უპასუხოს სანქციებით

27 მარ 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 406
ბორელი ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებაზე: ევროკავშირი მზადაა, უპასუხოს სანქციებით

უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ შეთანხმებას Twitter-ით გამოეხმაურა.

ბორელის განცხადებით, ბელარუსს ჯერ კიდევ შეუძლია, რომ მის ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსება შეაჩეროს და ეს მათი არჩევანია.

"რუსეთის ბირთვული იარაღის განთავსება ნიშნავს უპასუხისმგებლო ესკალაციას და საფრთხეს ევროპული უსაფრთხოებისთვის. ბელარუსს ჯერ კიდევ შეუძლია ეს შეაჩეროს, ეს მათი არჩევანია. ევროკავშირი მზადაა უპასუხოს შემდგომი სანქციებით", - აცხადებს ბორელი.

კრემლის პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, ოფიციალური მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ

"3 აპრილიდან ვიწყებთ ეკიპაჟების წვრთნას. 1 ივლისს კი ვასრულებთ ტაქტიკური ბირთვული იარაღის სპეციალური საწყობის მშენებლობას ბელარუსის ტერიტორიაზე", - განაცხადა პუტინმა.

პუტინი ამბობს, რომ რუსეთი უკვე დაეხმარა ბელარუსს თვითმფრინავების ხელახალ აღჭურვაში. გარდა ამისა, მინსკს გადაეცა სარაკეტო სისტემა ისკანდერი. 

პუტინის თქმით, ასეთი ნაბიჯის მიზეზი გახდა დიდი ბრიტანეთის განცხადება, რომ უკრაინას ტანკებისთვის გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემდნენ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი დიდი ხანია ითხოვდა საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას.