LIVE

საფრანგეთმა საჯარო მოხელეებს TikTok, Candy Crush და Netflix აუკრძალა

26 მარ 202315:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 384
საფრანგეთმა საჯარო მოხელეებს TikTok, Candy Crush და Netflix აუკრძალა

საფრანგეთი საჯარო მოხელეებს სამსახურებრივ ტელეფონებზე სოციალური მედიის პლატფორმების, სათამაშო და ვიდეოსტრიმინგის აპლიკაციების გამოყენებას უკრძალავს. გადაწყვეტილება კიბერუსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვით აიხსნება. 

აკრძალული აპლიკაციების სიაში ჩინურ TikTok-თან ერთად, Candy Crush და Netflix მოხვდა. 

„ამ გასართობ აპლიკაციებში არ არის დაცული კიბერუსაფრთხოების საკმარისი ხარისხი იმისათვის, რომ ისინი ადმინისტრაციის ციფრულ მოწყობილობებზე გამოიყენებოდეს. აკრძალვა ასევე შეეხება TikTok-ს, ასევე CandyCrush-ს და Netflix-ს“, - თქვა ციფრულმა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ. 

მისი თქმით, გამონაკლისი შეიძლება იყოს "ინსტიტუციური კომუნიკაციების" მიზნები.

საფრანგეთის ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა ევროკავშირის ინსტიტუტებისა და დასავლეთის ქვეყნების მიერ TikTok-ის გამოყენების შეზღუდვა.

მარტის დასაწყისში მთავრობის პრესსპიკერმა ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ საფრანგეთის მინისტრებსა და პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს სამსახურებრივ ტელეფონებზე სოციალური მედიის აპლიკაციების, Instagram-სა და TikTok-ის ჩამოტვირთვა არ შეუძლიათ.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მაღალჩინოსნებმა მოსახლეობას მოუწოდეს, რომ „შეზღუდონ“ სოციალური მედიის აპლიკაციებისა და საკომუნიკაციო სერვისების გამოყენება, როგორიცაა Instagram, TikTok, Snap და Signal.