საბანკო სექტორის სტაბილურობის შესახებ შეშფოთების ფონზე, Deutsche Bank-ის აქციები დაეცა და გერმანული ბანკის დეფოლტისგან დაზღვევის ღირებულება, 2018 წლის შემდეგ, რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა.
ბანკის აქციები დღეს 13.5%-ით დაეცა. იქამდე Deutsche Bank-ის ხუთწლიანი საკრედიტო დეფოლტის სვოპების ფასი, რამდენიმე დღეში, 142 საბაზო პუნქტიდან 220-მდე გაიზარდა.
გერმანიის უმსხვილესი ბანკის საბაზრო ღირებულება, ერთი კვირის განმავლობაში, $3 მილიარდით შემცირდა.
Deutsche Bank-თან ერთად, ეცემა სხვა ევროპული ბანკების აქციები. Stoxx 600 ბანკების ინდექსი, რომელიც რეგიონის უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, დილის საათებში 5.1%-ით დაეცა. გერმანული Commerzbank-ის აქციები 8.5%-ით, ხოლო საფრანგეთის Société Générale-ის აქციები 7.4%-ით შემცირდა.
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა საბანკო კრიზისზე ECB-ის რეაგირების შესახებ ინფორმაცია რეგიონის ლიდერებს დღეს დილით ბრიუსელის სამიტზე მიაწოდა.
საბანკო სექტორში არსებულ ნეგატიურ განწყობას ისიც ემატება, რომ შვეიცარიული Credit Suisse Group და UBS Group მოხვდნენ იმ ბანკებს შორის, რომელთა წინააღმდეგაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი გამოძიებას ატარებს, რათა დაადგინოს ხომ არ დაეხმარნენ ისინი რუს ოლიგარქებს სანქციების თავიდან არიდებაში.