
იუტა გახდა ამერიკაში პირველი შტატი, რომელმაც 18 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენება შეზღუდა.
კერძოდ, შტატის მასშტაბით სოციალური მედიის კომპანიებს სჭირდებათ მშობლის დამადასტურებელი ცნობა, რომ მომხმარებელი მინიმუმ 18 წლისაა. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, სანამ მოზარდები შექმნიან საკუთარ ანგარიშებს ისეთ აპლიკაციებზე, როგორიცაა Instagram, Facebook და TikTok, საჭირო იქნება მათი მშობლის ან მეურვის თანხმობა. მეტიც, კანონპროექტი სოციალური მედიისთვის ე.წ. კომენდანტის საათსაც ითვალისწინებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოზარდები (ასევე მშობლების ჩასწორების გარეშე) აპლიკაციით ვერ ისარგებლებენ 22:30-დან 06:30 საათამდე.
შტატის გუბერნატორის სპენსერ კოქსის თქმით, გადაწყვეტილების შესახებ დოკუმენტზე ხელი უკვე მოწერილია და მისი მიზანი ახალგაზრდების დაცვაა.
„ჩვენ აღარ გვსურს სოციალური მედიის კომპანიებს მივცეთ უფლება გააგრძელონ ზიანის მიყენება ჩვენი ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე", - აღნიშნა კოქსმა.
აღსანიშნავია, რომ სოციალური მედიის გამოყენების შეზღუდვის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური სწორედ მას შემდეგ გახდა, რაც ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სოციალური მედიის გავლენა გაძლიერდა.
მოზარდების მიერ სოციალური ქსელების გამოყენების შეზღუდვის ინიციატივას მიესალმება ბავშვთა ადვოკატირების ჯგუფი Commons Sense Media, სადაც ამბობენ, რომ ლიდერების და ასევე მშობლების პასუხისმგებლობაა ახალგაზრდების დაცვა. აღნიშნავენ იმასაც, რომ მსგავსი თამამი ნაბიჯი სტიმული იქნება სხვა შტატების თუ ქვეყნებისთვის, რათა საბოლოოდ ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით სოციალური მედიის კომპანიებს პასუხისმგებლობა დააკისრონ.
აღსანიშნავია, რომ იუტაში ამოქმედებული რეგულაციის მსგავსი შეზღუდვა განიხილება ოთხ სხვა რესპუბლიკურ შტატში - არკანზასში, ტეხასში, ოჰაიოში და ლუიზიანაში. ასევე, დემოკრატების ხელმძღვანელობით, ნიუ ჯერსიში.