
დოლარი დღეს 2.5 წლის განმავლობაში ყველაზე გრძელი ვარდნის სერიას მიუახლოვდა, რასაც წინ Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთის შემდგომი ზრდის შეჩერების შესახებ განცხადება უძღოდა.
აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კვლავ გაზარდა. 0.25 პროცენტული პუნქტით ზრდის შედეგად, საპროცენტო განაკვეთები 4.75%-5%-ის დიაპაზონში განისაზღვრა, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
განაკვეთების მკვეთრმა ზრდამ საბანკო სექტორში კიდევ უფრო დიდი ქაოსის შიში გააჩინა. Fed-მა მიანიშნა, რომ ის განაკვეთის შემდგომ ზრდას შეაჩერებს და დააკვირდება, როგორ მოქმედებს ბანკებისადმი ნდობა ეკონომიკაზე.
დოლარის ინდექსი, რომელიც ზომავს დოლარის კურსს ექვს ძირითად ვალუტასთან მიმართებით, ზედიზედ მეექვსე დღეა ეცემა, რაც 2021 წლის სექტემბრის შემდეგ, ვარდნის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია. ბოლო სესიაში ის 0.2%-ით შემცირდა.
დოლარსა და ევროს შორის სხვაობა გააღრმავა ევროს გამყარებამ. ის შვიდკვირიან მაქსიმუმამდე გაიზარდა და 1 ევროს ღირებულებამ $1.0930 შეადგინა.
შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა დღეს მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზო პუნქტით გაზარდა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ფრანკი გამყარდა და $1-ის ღირებულებამ 0.9155 შვეიცარიული ფრანკი შეადგინა.