LIVE

აშშ-ში მაღალმა ინფლაციამ შინაურ ცხოველებსაც შეუტია

28 მარ 202310:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 400
აშშ-ში მაღალმა ინფლაციამ შინაურ ცხოველებსაც შეუტია

გლობალურად დაჩქარებული და გაზრდილი ინფლაცია აშშ-ს შინაურ ცხოველებზეც აისახა, რისი ნათელი მაგალითიცაა ცხოველთა თავშესაფრებში არსებული ვითარება.  

უფრო ზუსტად, როგორც PAWS Atlanta-ს ხელმძღვანელი ჯო ლაბრიოლა ამბობს, ქალაქის უძველეს ცხოველთა თავშესაფარში ყოველდღიურად იმაზე გაცილებით მეტ ცხოველს აბარებენ, ვიდრე აქამდე. მიზეზი კი ისაა, რომ გაზრდილი ხარჯების ფონზე, პატრონებს უჭირთ მათი გამოკვება. შედეგად, გასულ წელს 166 შინაური ცხოველი იპოვეს თავშესაფრის ჭიშკართან.

”უამრავი ცხოველი, რომელსაც სერიოზული სამედიცინო პრობლემები აქვთ, დღეს მიტოვებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს უბრალოდ აღარ შეუძლიათ ხარჯების გაწევა და ცხოველების ჩვენთან მოყვანით იმედოვნებენ, რომ მათზე ზრუნვას შევძლებთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, თუმცა რესურსები ამოწურვადია", - ამბობს ლაბრიოლა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ინფლაცია კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, თუმცა 2022 წლის ივნისთან შედარებით, როდესაც 40 წლიან მაქსიმუმს მიაღწია და 9.1% შეადგინა, ეტაპობრივ კლებასაც აჩვენებს. 

რაც შეეხება უშუალოდ შინაურ ცხოველებთან დაკავშირებულ პროდუქტებსა და სერვისებს, ამ ნაწილში ფასები კვლავ მზარდია. გასულ თვეში აშშ-ში, შინაური ცხოველების პროდუქტებისა და სერვისების ინდექსი 10.9%-მდე გაიზარდა, რაც თავის მხრივ ნედლეულის გაძვირებითაა გამოწვეული.