LIVE

მზარდი იმიგრაციის ფონზე კანადის მოსახლეობა 1 მილიონით გაიზარდა

25 მარ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 561
მზარდი იმიგრაციის ფონზე კანადის მოსახლეობა 1 მილიონით გაიზარდა

გასულ წელს კანადის მოსახლეობამ 1 მილიონი ადამიანით მოიმატა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. 

სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის თანახმად, კანადის მოსახლეობა ერთ წელში 38 516 138-დან 39 566 248-მდე, ანუ 2.7%-ით გაიზარდა, რაც 1957 წლის შემდეგ, ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კანადისთვის. 

მოსახლეობის ამგვარი მატების მთავარ მიზეზად ქვეყანაში შრომითი მიგრაციის მზარდი ნაკადი დასახელდა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, პოპულაციის ზრდის 96%-იანი წილი სწორედ უცხოეთიდან შემოსულ მიგრანტებზე მოდის. 

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ, გასულ წელს განაცხადა, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტ მიგრანტს მიიღებდა. 2025 წლამდე სახელმწიფო 1.5 მილიონი მიგრანტის მიღებას გეგმავს. 

გარდა სამუშაო ძალისა, კანადა აქტიურად იღებს ადამიანებს, რომელთაც უკრაინის ომის, ავღანეთის ჰუმანიტარული კრიზისისა და მიმდინარე წელს თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრების გამო მოუხდათ თავიანთი ქვეყნების დატოვება. 

თუკი კანადა ყოველწლიურად შეინარჩუნებს 2.7%-იანი მატების ტემპს, ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა 26 წელიწადში გაორმაგდება.