LIVE

ბლინკენი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს

23 მარ 202311:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 326
ბლინკენი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ოთხშაბათს სენატორებს განუცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს ბიუჯეტის გაზრდა სჭირდება, რათა იგი “რუსული ავტოკრატიისა და აგრესიის მყისიერ, მწვავე საფრთხეებსა” და “ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გრძელვადიან გამოწვევებს” გაუმკლავდეს. 

მიუხედავად ამისა, სენატორებმა, განსაკუთრებით რესპუბლიკური პარტიიდან, სახელმწიფო მდივანს განუცხადეს, რომ ბიუჯეტის 11%-იანი გაზრდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის რთული იქნება: “არ ვფიქრობ, რომ ბაზარი ამას გადაიტანს”,- თქვა სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა და ბლინკენს სახელმწიფო დეპარტამენტის ერთჯერადი, პირდაპირი დაფინანსება შესთავაზა, რომელიც მიმართული იქნება ჩინეთის შეკავებისკენ. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2024 წლისთვის ბიუჯეტიდან $63 მილიარდს ითხოვს, რაც დაახლოებით პენტაგონის წლიური $842 მილიარდის 10%-ზე ნაკლებია. 

ბლინკენი აცხადებს, რომ გაზრდილი ბიუჯეტი “უკრაინისათვის უსაფრთხოების, ეკონომიკური, ენერგეტიკული და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მოხმარდება, რათა პუტინი ომში სტრატეგიულად წარუმატებელ პოზიციაში აღმოჩნდეს”. 

ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, გაზრდილი ბიუჯეტის შემთხვევაში, აპირებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის დაფინანსების 18%-ით გაზრდას, რაც ჩინეთთან შეერთებული შტატების ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. ბლინკენის თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი აშშ-ს საშუალებას მისცემს, “რეგიონში მეტი ინვესტიციები ჩადოს და ჩინეთს კონკურენცია გაუწიოს”. 

პარალელურ რეჟიმში ამერიკის რესპუბლიკური პარტიის წევრები ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებენ და მოუწოდებენ, რომ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები გადასცეს: “ადმინისტრაციამ უნდა შეწყვიტოს შეშფოთება და მიჰყვეს სხვა მოკავშირეების მაგალითს, როგორიცაა, მაგალითად, პოლონეთი, და უკრაინას F-16-ის თვითმფრინავები გაუგზავნოს”,- განაცხადა აიდაჰოს სენატორმა ჯიმ რიშმა. მიუხედავად ამისა, სენატორის მოწოდება სახელმწიფო მდივანმა უპასუხოდ დატოვა.