LIVE

"ვაგნერის ჯგუფის" დამფუძნებელი უკრაინაში ოპერაციების შემცირებას გეგმავს - Bloomberg

24 მარ 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1098
"ვაგნერის ჯგუფის" დამფუძნებელი უკრაინაში ოპერაციების შემცირებას გეგმავს - Bloomberg

ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი უკრაინაში არმიის ოპერაციების შესამცირებლად ემზადება. ამის შესახებ სტატიას Bloomberg-ი აქვეყნებს

პრიგოჟინი უკრაინაში ადამიანური ძალისა და საბრძოლო მასალის დეფიციტს ებრძვის მას შემდეგ, რაც მას ციხეებიდან პატიმრების რეკრუტირების უფლება ჩამოერთვა. პრიგოჟინმა გასულ თვეში თქვა, რომ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, პატიმრების რეკრუტირება შეაჩერა.

ხანგრძლივი მცდელობისა და მნიშვნელოვანი დანაკარგის მიუხედავად, "ვაგნერის" ჯარისკაცებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს მთავარი სამიზნის - უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღება. 

Bloomberg-ის წყაროების თქმით, ახლა პრიგოჟინი აპირებს აფრიკაზე გადაერთოს.

ამჟამად არ არსებობს იმის ნიშანი, რომ პრიგოჟინი ჯარებს აფრიკაში გადაიყვანს, მაგრამ საკითხში გარკვეული პირების თქმით, ის, სავარაუდოდ, მომავალში, აფრიკის ოპერაციებზე მეტად გადაერთვება, რადგან უკრაინაში მისი ძალებისთვის სიტუაცია გართულდა.

პრიგოჟინი, რომელსაც რუსული მედიის ნაწილი "პუტინის პირად მზარეულად" მოიხსენიებს, ამბობს, რომ "ვაგნერი" 2014 წელს უკრაინაში რუსეთის ომის დროს შექმნა. რუსეთი "ვაგნერს" სირიასა და აფრიკაშიც იყენებდა. პრიგოჟინმა გააგზავნა ჯარისკაცები სირიაში, რათა რუსეთს სირიელი ლიდერის, ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერაში დახმარებოდა.

კრემლის გეოპოლიტიკური მიზნების მხარდასაჭერად, მან აფრიკაში ქსელი შექმნა. სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ვაგნერი" ბურკინა-ფასოში გადადის მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ფრანგულ ჯარებს გასვლა უბრძანა. 

მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ-მა ის ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა.

გასულ თვეში, ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში მოხვდნენ რუსეთის "ვაგნერის" ჯგუფის წევრები და მხარდამჭერები სხვა ქვეყნებში, მაგალითად მალიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.