LIVE

მესტიის მოსახლეობას ელექტროენერგია კვლავ შეფერხებით მიეწოდება

22 მარ 202318:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 430
მესტიის მოსახლეობას ელექტროენერგია კვლავ შეფერხებით მიეწოდება

სვანეთის მოსახლეობის ნაწილის მიერ უკანონო მაინინგის შეწყვეტასთან დაკავშირებით დადებული პირობის მიუხედავად, მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება არ მცირდება, ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება კი კვლავ პრობლემაა.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განუცხადეს, გასული წლის თებერვალში მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 12 მლნ კვტ/სთ იყო, მიმდინარე წლის თებერვალში კი ამ მაჩვენებელზე მცირედით მეტი.

ადგილობრივი ბიზნესის ინფორმაციით, მესტიაში ელექტროენერგია თითქმის ყოველ ღამე ითიშება. ამასთან, ხშირია შემთხვევები, როდესაც სვანეთის სოფლებში ელექტროენერგია რამდენიმე დღის განმავლობაშია გათიშული.

„დაახლოებით ღამის 2-3 საათისთვის მესტიაში ელექტროენერგიის მიწოდება წყდება და შესაძლოა დილით 6-7 საათისთვის ჩაირთოს. სამწუხაროდ, ეს უცხო არ არის და რაღაცები გადაწყობილი გვაქვს, თუმცა ელექტროენერგიის არასტაბილური მიწოდება ტურისტულ სეზონზე უარყოფითად მოქმედებს. ვიზიტორების რაოდენობა მცირდება. მაგალითად, არაბული ქვეყნებიდან ტურისტებისთვის დენის გათიშვა შოკის მომგვრელია“,- აცხადებს, მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბუდეს“ დამფუძნებელი, თათია თეთრაშვილი.

სპეციალისტების შეფასებით, რამდენადაც მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება არ იკლებს, სავარაუდოა, რომ მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილმა თქვა უარი მაინინგზე. ენერგეტიკოსების თქმით, ელექტროენერგიის უკონტროლო მოხმარების მოსაწესრიგებლად, აუცილებელია, მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარების ზედა ზღვარი დაწესდეს, რის შემდეგაც მესტიის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს გადაიხდის.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურს მესტიის მუნიციპალიტეტში ვერ იღებს, რის შედეგადაც კომპანია წლიურად საშუალოდ 25 მლნ ლარამდე ზარალს აგენერირებს.