LIVE

Meta-სა და მარკ ცუკერბერგს კომპანიის აქციონერები სასამართლოში უჩივიან

22 მარ 202314:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 361
Meta-სა და მარკ ცუკერბერგს კომპანიის აქციონერები სასამართლოში უჩივიან

მარკ ცუკერბერგისა და Meta-ს სხვადასხვა პლატფორმების აღმასრულებელი დირექტორების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიდა. მიზეზად სექსუალური ტრეფიკინგისა და ბავშვთა ექსპლუატაციას წინააღმდეგ ბრძოლაში Facebook-სა და Instagram-ის უმოქმედობა სახელდება. 

საჩივარში, რომელიც Meta-ს აქციების მფლობელმა საპენსიო და საინვესტიციო ფონდებმა გამოაქვეყნეს, ნათქვამია, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ თვალი დახუჭა სოციალურ ქსელებში არსებული კრიმინალური დანაშაულების “სისტემურ მტკიცებულებებზე”, რითაც ვერ დაიცვა ფირმისა და მისი აქციონერების ინტერესები. 

გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის უმაღლესი საბჭო ვერ ახერხებს, ახსნას, თუ როგორ ცდილობს პრობლემის აღმოფხვრას, “ერთადერთი ლოგიკური დასკვნა ისაა, რომ საბჭომ შეგნებულად გადაწყვიტა,  Meta-ს პლატფორმებზე ხელი არ შეეშალა და, შესაბამისად, დაეშვა სექსუალური ტრეფიკინგი და ადამიანებით ვაჭრობა”,- ნათქვამია საჩივარში. 

სარჩელი დელავერის კანცელარიის სასამართლოში შევიდა, თუმცა Meta სარჩელის საფუძვლებს უარყოფს და სასამართლო განხილვისთვის მის დასაშვებობას ეწინააღმდეგება. “ჩვენ ყველა შემთხვევაში ვკრძალავთ ადამიანთა ექსპლუატაციასა და ბავშვთა სექსუალურ ტრეფიკინგს”, - აღნიშნა კომპანიამ სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში. "კომპანიის მიზანია, ხელი შევუშალოთ მათ, ვინც ჩვენივე პლატფორმების გამოყენებით ცდილობენ ადამიანთა სექსუალურ ექსპლუატაციას, ხოლო სარჩელში გამოხატული მტკიცებები არასწორად ახასიათებს ჩვენ ძალისხმევას”,- განაცხადეს Meta-ში.

2019 წელს მარკ ცუკერბერგმა, Meta-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, აშშ-ის კონგრესთან განაცხადა, რომ ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია კომპანიის წინაშე მდგარი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო. 

Meta-ს უკვე დიდი ხანია ადანაშაულებენ, რომ პლატფორმა სექსუალური დამნაშავეებისათვის თავისუფალი სივრცეა.  2021 წლის ივნისში ტეხასის უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნო სამი პირის სარჩელი, რომელთაც სექსუალური დამნაშავეები სწორედ Facebook-ის დახმარებით დაუკავშირდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ Facebook არ უნდა იყოს “უკანონო მიწა”, რომელზეც დამნაშავეები ადამიანებით თავისუფლად ივაჭრებენ. 

Meta-ს წინააღმდეგ სარჩელები კიდევ ასობით სასამართლოშია შეტანილი იმ ოჯახებისგან, თინეიჯერებისა თუ ახალგაზრდებისაგან, რომლებიც კომპანიას Facebook-სა და Instagram-ზე დამოკიდებულების გამო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შექმნის მიზეზით ედავებიან.