LIVE

გლობალურმა მუსიკალურმა ინდუსტრიამ 2022 წელს $26 მილიარდი გამოიმუშავა 

26 მარ 202312:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 534
გლობალურმა მუსიკალურმა ინდუსტრიამ 2022 წელს $26 მილიარდი გამოიმუშავა 

2022 წელს გლობალურმა მუსიკალურმა ინდუსტრიამ $26,6 მილიარდი გამოიმუშავა, რაც ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია.

შემოსავლების ასეთი მკვეთრი ზრდა ისეთი შემსრულებლების წარმატებას უკავშირდება, როგორიცაა ტეილორ სვიფტი და BTS.

ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა ე.წ. სტრიმინგ სერვისმა, რომელიც ამჟამად მთლიანად მუსიკალური ინდუსტრიის 67% შეადგენს. როგორც Warner Music-ის საერთაშორისო ბაზრების პრეზიდენტი საიმონ რობსონი ამბობს, შემოსავლები შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს, გამოწერების საფასურის მატების შემთხვევაში. ინდუსტრიის წარმომადგენლების მხრიდან გააქტიურდა საუბრები სტრიმინგის საფასურის გაზრდის საჭიროებაზე.

ასე მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს უმსხვილესი სტრიმინგ სერვისის Spotify-ს ფასები 2009 წლის შემდეგ (აპლიკაცია ამ პერიოდში ამოქმედდა) უცვლელია და £9,99 შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ საფასო პოლიტიკას ინარჩუნებს Spotify-ს კონკურენტების უმეტესობაც. თუმცა, Warner Music-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტ კინკლმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ინფლაციის გათვალისწინებით აშშ-ში გამოწერის ღირებულება $13,25-მდე (£10,83) უნდა გაიზარდოს.

„თუ ავიღებთ პირობითად აშშ-ს ბაზარს, ვნახავთ რომ მუსიკის სტრიმიგ სერვისში მომხმარებლები იხდიან იმის ნახევარს, რასაც ფილმებისა და სატელევიზიო შოუების ყურებისას ხარჯავენ. გამოდის, რომ აღნიშნულთან შედარებით დღეს მუსიკის მოსმენა 50%-ით დაუფასებელია",- აღნიშნა რობერტ კინკლმა.

ცნობისთვის, დღეს მსოფლიოს უდიდესი მუსიკალური ბაზარი კვლავ აშშ-ა, რომლის წლიურმა შემოსავალმა $10 მილიარდს გადააჭარბა. მეორე ადგილზეა იაპონია, მესამეზე კი დიდი ბრიტანეთი. აღსანიშნავია რომ ზრდის ტრენდს აჩვენებს ჩინეთის ბაზარი, რომელიც ამჟამად რეიტინგში მეხუთე პოზიციაზეა. 

IFPI-ის ანგარიშის თანახმად, 2022 წლის ყველაზე გაყიდვადი შემსრულებლებიდან, პირველ ადგილზე გავიდა ტეილორ სვიფტი, რომელმაც ბოლო 10 წელში ეს სტატუსი უკვე მესამედ მოიპოვა. 2021 წელს კი პირველი ადგილზე სამხრეთ კორეის პოპ ჯგუფი BTS იყო. გასულ წელს ჯგუფი მეორე ადგილს იკავებდა.