LIVE

ჩინეთში რუსული ენერგიის იმპორტი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, $88 მილიარდამდე გაიზარდა

23 მარ 202310:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 413
ჩინეთში რუსული ენერგიის იმპორტი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, $88 მილიარდამდე გაიზარდა

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთ წელში, გლობალური ენერგეტიკული ბაზრების რღვევის ფონზე, რუსული გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის მიმართ ჩინეთის მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა და იმპორტი გაორმაგდა. 

ჩინეთის საბაჟოს მონაცემებით, 12 თვის განმავლობაში (თებერვლის ჩათვლით), რუსულ ენერგიაზე, ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, ქვანახშირსა და ბუნებრივ აირზე, პეკინის დანახარჯი $88 მილიარდამდე გაიზარდა. შედარებისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში, ეს რიცხვი $57 მილიარდს შეადგენდა.

რუსული ენერგიის გაზრდილი იმპორტით, ჩინეთი ანაცვლებს კრემლის სხვა მომხმარებლებს, რომლებსაც არ სურთ, რომ ენერგორესურსების შეძენით მოსკოვის ომის მანქანა დააფინანსონ. რუსულ ენერგიაზე შემცირებული მოთხოვნის გამო, ჩინეთი ხშირად სარგებლობს ფასდაკლებით.

იმპორტის მონაცემები აჩვენებს, რომ აღნიშნულ პერიოდში, რუსეთი იყო ჩინეთის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი. მან ამ პოზიციაზე საუდის არაბეთი ჩაანაცვლა. ის ასევე იყო ნახშირის მეორე უმსხვილესი წყარო, ინდონეზიის შემდეგ და თხევადი ბუნებრივი აირის მესამე უდიდესი მიმწოდებელი, ავსტრალიისა და კატარის შემდეგ.

ბოლო მონაცემები არ მოიცავს სახმელეთო გაზსადენით მიწოდებულ მოცულობას. ამ სტატისტიკას ჩინეთი გასული წლის დასაწყისიდან აღარ აქვეყნებს. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან ჩინეთში ნედლი ნავთობის იმპორტი წინა წლის 78.4 მილიონ ტონიდან 89.3 მილიონ ტონამდე გაიზარდა. საუდის არაბეთის ნედლიდან ნავთობის იმპორტმა კი 86.8 მილიონი ტონა შეადგინა. 

რუსული LNG-ის შესყიდვებმა 52%-ით მოიმატა და 6.86 მლნ ტონა შეადგინა, ქვანახშირი კი 33%-ით 76.4 მლნ ტონამდე გაიზარდა.