LIVE

Google-ის მომხმარებლების ნაწილს ჩატბოტ Bard-ის გამოყენება უკვე შეუძლიათ

22 მარ 202311:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 398
Google-ის მომხმარებლების ნაწილს ჩატბოტ Bard-ის გამოყენება უკვე შეუძლიათ

მსოფლიო შეჯიბრი ხელოვნური ინტელექტის ახალი ტექნოლოგიების შექმნაში ახალ ეტაპზე გადადის. სამშაბათს Google-მა ჩატბოტის საკუთარი ვერსია, Bard საჯაროდ გამოუშვა და მომხმარებელთა ნაწილს მასზე წვდომა მისცა. ამ დროისთვის კი, Google მომხმარებლებისაგან გამოხმაურებისა და უკუკავშირის მოლოდინშია. 

Google-ის ჩატბოტის გამოყენება ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, ინგლისურ ენაზეა შესაძლებელი. Bard საცდელი პროექტია, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს; წარსული მონაცემებისა და ინფორმაციების გამოყენებით მომხმარებლებისთვის არა უბრალოდ იპოვოს, არამედ თავადაც შექმნას მასალები.

გასულ წელს კომპანია OpenAI-მა ყველასათვის ნაცნობი ChatGPT შექმნა. აღნიშნული ჩატბოტის გამოსვლამ ტექნოლოგიების სფეროში უდიდესი ცვლილებები მოიტანა. ხელოვნური ინტელექტის უსწრაფესმა განვითარებამ საფუძველი ჩაუყარა მოლოდინებს, რომ ადამიანები საქმეებსა და სამუშაოებს ამიერიდან სრულიად სხვაგვარად შეასრულებენ. 

ხელოვნური ინტელექტის შესახებ Google-სა და Microsoft-ში გასულ კვირას განაცხადეს. კომპანიები აპირებენ, ხელოვნური ინტელექტი თავიანთი პროგრამული უზრუნველყოფის სივრცეში დანერგონ. ამასთან, ისინი ცდილობენ, შექმნან ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე აპლიკაციები. 

Bard-ის გამოჩენისთანავე, ცხადია, გაჩნდა კითხვები, არის თუ არა Google-ის ახალი პროდუქტი კომპანიის მცდელობა, კონკურენცია გაუწიოს სხვა ფირმებს ხელოვნური ინტელექტის სფეროში. აღნიშნულ კითხვაზე Bard-ის უფროსმა დირექტორმა, ჯეკ კრაუჩიკმა, განაცხადა, რომ Google მხოლოდ მომხმარებლებსა და მათ სურვილებზეა ორიენტირებული. კრაუჩიკი ასევე აღნიშნავს, რომ Bard-მა სხვადასხვა ტიპის ტესტირება გაიარა, რის შედეგადაც აჩვენა, რომ მას შეუძლია მომხმარებელთა პროდუქტიულობის გაზრდა და მათთვის მეტი ცნობისმოყვარეობის გაღვივება. 

სადემონსტრაციოდ ვებ-გვერდზე bard.google.com კრაუჩიკმა Reuters-ს აჩვენა, თუ როგორ ქმნის Google-ის ახალი ჩატბოტი დიდი ზომის ტექსტებს რამდენიმე წამში. აღსანიშნავია ისიც, რომ Bard-ის პასუხები სიტყვა-სიტყვით განსხვავდება ChatGPT-ის მიერ გენერირებული ტექსტებისაგან. 

Bard სამი განსხვავებული ვარიანტის პასუხს იძლევა. მომხმარებელს საშუალება ეძლევა, აირჩიოს სასურველი, ხოლო შემდეგ, ღილაკზე “Google it” თითის დაჭერით დამატებითი მასალები მოიძიოს მასთან დაკავშირებით. 

Google-ის განცხადებით, Bard-ს არ შეუძლია კომპიუტერული კოდების შექმნა, განსხვავებით ChatGPT-საგან, რომელსაც მსგავსი შესაძლებლობა ნამდვილად გააჩნია. კომპანიამ ისიც აღნიშნა, რომ Bard-ის მეხსიერება შედარებით ნაკლებია, რაც ჩატბოტთან წარსულში არსებული დიდი საუბრების შენახვის შესაძლებლობას არ იძლევა. ამ დროისათვის Google თავის ჩატბოტს არც რეკლამირებისათვის იყენებს. 

ხელოვნური ინტელექტის სიზუსტე კვლავ მნიშვნელოვან საკითხად რჩება: “Bard ყოველთვის მართალ პასუხებს ვერ გაგცემთ” - აცხადებს Google. ეს თემა მნიშვნელოვანია, რამდენადაც გასულ თვეს სარეკლამო ვიდეომ აჩვენა, რომ პროგრამა ყოველთვის ზუსტ პასუხებს ვერ იძლევა და ზოგჯერ არასწორადაც კი პასუხობს, რამაც AIphabet-ის საბაზრო ღირებულება $100 მილიარდით შეამცირა. 

Reuters-თან პროგრამის გაცნობის დროს Google-მა რამდენიმე სადემონსტრაციო შეცდომა აჩვენა. მაგალითად, ერთ-ერთი შეკითხვის პასუხად Bard არასწორად ამტკიცებდა, რომ გვიმრები კაშკაშა შუქს საჭიროებენ. ჩატბოტმა ასევე დაწერა ცხრა პარაგრაფი, როდესაც მას ოთხი მოსთხოვეს. ამგვარი პასუხების შემდეგ კრაუჩიკმა დააჭირა ქვემოთ დახრილი ცერა თითის ღილაკს, რითაც ჩატბოტს უარყოფითი შეფასება დაუბრუნა. მან კი შეცდომა სამომავლოდ უნდა გამოასწოროს: “ვინაიდან ჩვენ ვიცით ტექნოლოგიების შეზღუდვები, უნდა ვიყოთ მიზანმიმართულები იმ ტემპით, რა ტემპითაც ვქმნით მას”, - განაცხადა Bard-ის უფროსმა დირექტორმა, ჯეკ კრაუჩიკმა.