LIVE

Brent-ის ფასი ბარელზე $74-მდე გაიზარდა

21 მარ 202315:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 296
Brent-ის ფასი ბარელზე $74-მდე გაიზარდა

დღეს ნავთობის ფასები გაიზარდა, მას შემდეგ, რაც ორშაბათს 15-თვიან მინიმუმამდე შემცირდა. გლობალური საბანკო კრიზისის ფონზე არსებობდა გარკვეული შიშები ნავთობის ფასთან დაკავშირებით, თუმცა Credit Suisse-ის გადარჩენის შემდეგ მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა. 

დღევანდელ ვაჭრობაში Brent-ის მარკის ნავთობზე ფასმა 52 ცენტით (0.7%) მოიმატა და ბარელზე $74.31 შეადგინა. 52 ცენტით მოიმატა ასევე U.S West Texas Intermediate (WTI)-ის ფასმა და ბარელზე $68.16 გახდა. 

მსოფლიო საბანკო სექტორში თავდაპირველად არეულობა იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც USB-მ Credit Suisse შეისყიდა, ხოლო შვეიცარიის უმსხვილესმა ბანკებმა განაცხადეს, რომ გააძლიერებდნენ ბაზრის ლიკვიდობასა და მხარს დაუჭერდნენ საბანკო სისტემას, მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. 

“მიუხედავად იმისა, რომ საბანკო კრიზისი თავიდან ავიცილეთ, გარკვეული შიშები ჯერ კიდევ არსებობს”, - განაცხადა სტივენ ბრენოკიმ, ნავთობის საბროკერო კომპანია PVM-ის წარმომადგენელმა. 

ინვესტორები ამჟამად აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებას ელიან საპროცენტო განაკვეთების გაზრდასთან დაკავშირებით. 

აღსანიშნავია, რომ სამშაბათს დოლარი გამყარდა. უფრო ძლიერი დოლარი აძვირებს ნავთობს სხვა ვალუტის მფლობელებისთვის, რამაც შესაძლოა შეაფერხოს მოთხოვნა. 

3 აპრილს ჩანიშნულია ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა გაერთიანების (OPEC) შეხვედრა, რომელსაც ორგანიზაციის წევრების გარდა რუსეთი და სხვა ქვეყნებიც დაესწრებიან. წყაროებმა OPEC+-დან Reuters-თან განაცხადეს, რომ ნავთობის ფასების ნებისმიერი ვარდნა დაკავშირებულია მსოფლიო საბანკო სისტემაში არსებულ შიშებთან და იგი არ აღნიშნავს მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის გაუარესებას.