LIVE

ელმავალმშენებელი ქარხანა ₾19.5 მილიონად "საქართველოს ბანკმა" იყიდა

21 მარ 202314:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 960
ელმავალმშენებელი ქარხანა ₾19.5 მილიონად "საქართველოს ბანკმა" იყიდა

„ელმავალმშენებლის“ ახალი მფლობელი "საქართველოს ბანკია", რომელმაც ქონება აუქციონზე 19.5 მილიონ ლარად შეიძინა. ინფორმაცია "ბიზნეს ფორმულას" თავად ბანკში დაუდასტურეს.

„ელმავალმშენებლის“ გაყიდვის მიზნით აუქციონი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოაწყო, რომლის ფარგლებშიც ქონება 16 მარტს გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ "ელმავალმშენებელს" "საქართველოს ბანკის" მიმართ 15 მილიონი ლარის საკრედიტო დავალიანება აქვს. როგორც "საქართველოს ბანკში" განმარტავენ, შეძენა კრედიტორული ინტერესების დაცვის მიზნით და კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მოხდა. ბანკში იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას დაკარგავდნენ.

"აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოწყობილ საჯარო აუქციონზე, სს „ელმავალმშენებლის“ ქონების რეალიზაცია და მის საფუძველზე გამოცემული განკარგულება სრულ შესაბამისობაშია მოქმედი კანონმდებლობის ნორმებთან. იმის გათვალისწინებით, რომ მეორე განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში, კრედიტორი - სს „საქართველოს ბანკი“ დაკარგავდა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, აუქციონზე მოვალის ქონება, კრედიტორული ინტერესების დაცვის მიზნით და კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, შეიძინა სს „საქართველოს ბანკმა“,- აღნიშნულია "საქართველოს ბანკის" მიერ "ბიზნეს ფორმულასთვის" მოწოდებულ განცხადებაში.

აღსრულების ბიუროს მიერ კომპანიის აუქციონზე გატანა სწორედ გადაუხდელ ვალდებულებებს უკავშირდება. მას "საქართველოს ბანკის" გარდა, სხვა კრედიტორების მიმართაც აქვს დავალიანება. აქამდე სს “ელმავალმშენებლის” 87%-იან წილს ოფშორში რეგისტრირებულ რუსული “ლოკო ტრანსი”, ხოლო 12%-ს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობდა.