LIVE

მილენიალების და Gen Z-ს წინააღმდეგობის ფონზე, სამხრეთ კორეამ სამუშაო დროის გაზრდა გადაიფიქრა

25 მარ 202315:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 297
მილენიალების და Gen Z-ს წინააღმდეგობის ფონზე, სამხრეთ კორეამ სამუშაო დროის გაზრდა გადაიფიქრა

მილენიალების და Gen Z თაობის პროტესტის გამო, სამხრეთ კორეას მთავრობა იძულებული გახდა, სამუშაო საათების ზღვარი არ გაეზარდა.

მთავრობა გეგმავდა, რომ სამუშაო საათების ზღვარი კვირაში 52-დან 69 საათამდე გაეზარდა, თუმცა ამ ინიციატივას დიდი გამოხმაურება და პროტესტი მოჰყვა, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

მართალია დღეს მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ თანამშრომლების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობის გაზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ სამუშაო საათების შემცირებაა და ქვეყნებიც სულ უფრო აქტიურად იწყებენ ამ საკითხზე მსჯელობას, თუმცა როგორც ჩანს, სამხრეთ კორეის მთავრობა ვითარებას სხვაგვარად აფასებდა. 

OECD-ის ​2021 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ხანგრძლივი სამუშაო საათების რეიტინგში მექსიკის, კოსტა-რიკასა და ჩილეს შემდეგ, მეოთხე ადგილს სწორედ სამხრეთ კორეა იკავებს. 

მიუხედავად ამისა, ქვეყნის მთავრობა საათობრივი ლიმიტის გაზრდის მომხრე იყო, რასაც თავდაპირველად ბიზნესჯგუფების მხრიდან მოჰყვა უკმაყოფილება, მოგვიანებით კი აღნიშნულს ახალგაზრდა თაობაც შეემატა.

როგორც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის უფროსმა მდივანმა თქვა, საზოგადოებრივი აზრის მოსმენის შემდეგ, მთავრობა ახალ პროექტს შეიმუშავებს.

თავის მხრივ, საათობრივი ლიმიტის გაზრდის მთავარი მიზანი კადრების დეფიციტის აღმოფხვრა იყო. ეს პრობლემა ქვეყანაში შობადობის შემცირებული კოეფიციენტის გამო დგას. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ სამხრეთ კორეა მსოფლიოში მოწინავეა.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი კანონით გათვალისწინებულია კვირაში 40 სამუშაო საათი, რასაც ემატება 12 საათიანი კომპენსირებული ზეგანაკვეთური სამუშაო, როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ბევრი მუშაკი მაინც განიცდის ზეწოლას და რეალურად უფრო დიდხანს მუშაობს.