
2022 წლის წინასწარი მონაცემებით საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 71 754.2 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 19.6%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა კი 6 671.9 დოლარი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა (15.2%) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.1%).
2022 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:
- ტრანსპორტი და დასაწყობება (წლიური ზრდა 28.4%);
- ინფორმაცია და კომუნიკაცია (49.9%);
- ელექტროენერგიის აირის ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (38.9%);
- მშენებლობა (14.8%);
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (6.1%);
- დამამუშავებელი მრეწველობა (7.8%);
- ხელოვნება გართობა და დასვენება (17.3%);
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (16.7%);
- სამთომოპოვებითი მრეწველობა (22.8%).
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში:
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (წლიური კლება -4.8%);
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-5.7 %);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-2.4%).