
ოფიციალურ პირებს, რომლებიც რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მომზადებაში მონაწილეობენ, ურჩიეს, რომ iPhone-ების გამოყენება შეწყვიტონ. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Kommersant ავრცელებს.
კრემლის მიერ ორგანიზებულ სემინარზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ ტელეფონები 1 აპრილამდე შეცვალონ.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ის ამ ინფორმაციას ვერ ადასტურებს.
"სმარტფონები არ უნდა იქნას გამოყენებული ოფიციალური საქმისთვის. ნებისმიერ სმარტფონს აქვს საკმაოდ გამჭვირვალე მექანიზმი, რა ოპერაციული სისტემაც არ უნდა ჰქონდეს მას - Android იქნება თუ iOS. ბუნებრივია, ისინი არ გამოიყენება ოფიციალური მიზნებისთვის", - ამბობს პესკოვი.
Kommersant-ის ინფორმაციით, კრემლმა ოფიციალურ პირებს შესაძლოა, სხვადასხვა სისტემით აღჭურვილი მოწყობილობები მიაწოდოს iPhone-ების ჩასანაცვლებლად.
პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოველთვის ამბობდა, რომ სმარტფონი არ აქვს, თუმცა პესკოვმა თქვა, რომ პუტინი დროდადრო ინტერნეტს იყენებს.