
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს წარადგენს. მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა 14:00 საათზე გაიმართება.
„იმედის“ ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის. ამილახვარი ამჟამად პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეა.
ჩხენკელი მინისტრად პირველად 2017 წელს, მეორედ კი 2019 წელს დაინიშნა. რაც შეეხება ამილახვარს, ის მე-10 მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნების სიითაა.
შაბათის ფორმულამ ჯერ კიდევ გასული წლის 15 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამილახვარის განათლების მინისტრად დანიშვნა იგეგმებოდა, თუმცა, მაშინ ჩხენკელი დეპუტატით არ ჩაანაცვლეს, ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, ვაკის პარკის ტრაგედიაზე ამილახვარის არაკორექტული კომენტარი გახდა.