
შემოსავლების სამსახურმა N1008 სიტუაციურ სახელმძღვანელოში, რომელიც კაპიტალში შეტანილ და გატანილ თანხებს შორის წარმოშობილი სხვაობის დაბეგვრის წესს განსაზღვრავს, "უზუსტობა" და "ტექნიკური ხარვეზი" შეასწორა მას შემდეგ, რაც დოკუმენტის შინაარსმა სპეციალისტების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.
კერძოდ, დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ, Kreston Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა, დავით პაპიაშვილმა განაცხადა, რომ ამ დოკუმენტით შესაძლებელი ხდებოდა მასობრივად დაჯარიმება კაპიტალის შემცირების დროს სავალუტო კურსის ცვლილების შემთხვევაში.
"დავუშვათ, 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია რომ ჩადოს დამფუძნებელმა კომპანიაში და გაიტანოს მცირე თანხა კაპიტალის შემცირების გზით, მაგალითად 100 ათასი დოლარი - ამ შემთხვევაშიც კი, როცა კომპანიის დამფუძნებელი 10 მილიონ დოლარს ჩადებდა და 100 ათას დოლარს გაიტანდა, შემოსავლების სამსახური სიტუაციური სახელმძღვანელოს თავდაპირველი ვერსიით გვეუბნებოდა, რომ მაინც დაიბეგრებოდა ეს 100 000 დოლარი კურსთაშორის სხვაობის თანხაზე, თუ კურსი გაიზრდებოდა. მარტივად რომ ვთქვათ, 10 მილიონი დოლარის შეტანის მომენტში რომ ყოფილიყო კურსი 3.0, ხოლო 100 000 დოლარის გატანის მომენტში - 3.2, ამ 100 000 დოლარის კურსთაშორის სხვაობა - 320 000-300 000, ანუ 20 ათასი ლარი მაინც დაიბეგრებოდა. რამაც ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია პროფესიულ წრეებში, რადგან შეგვიძლია ვიმსჯელოთ, უნდა დაბეგრილიყო თუ არა კურსთაშორის სხვაობის თანხა 10 მილიონი დოლარი რომ შეეტანა დამფუძნებელს და 10 მილიონი დოლარი რომ გაეტანა, მაგრამ როცა ძალიან დიდი თანხა შედის კაპიტალში და ძალიან მცირე თანხა გამოდის, ამის დაბეგვრაზე ლაპარაკი მიუღებელია, რადგან კაპიტალის შემცირება არ არის დივიდენდი თუ ის შენატანის ოდენობის ფარგლებს არ აღემატება,"- განაცხადა პაპიაშვილმა.
ამის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა სიტუაციური სახელმძღვანელო ვებ-გვერდიდან წაშალა, ხოლო მოგვიანებით თავიდან გამოაქვეყნა და თან განმარტება მოაყოლა. უწყების განცხადებით, ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტის ატვირთვისას გამოვლენილი უზუსტობის გამო, გამოქვეყნებული დოკუმენტი დაკორექტირდა და "ტექნიკური ხარვეზი" შესწორდა.
"აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეულ ნორმათა განმარტების ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების მიზნით შემუშავებული სიტუაციური სახელმძღვანელოების განთავსება, შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე www.rs.ge მუდმივად მიმდინარეობს. 2023 წლის, მარტის თვის მონაცემებით, უკვე 403 სიტუაციური სახელმძღვანელო მოქმედებს. აღნიშნული სახელმძღვანელოების შემუშავებისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში მათი იმპლემენტაციისთვის, შემოსავლების სამსახურში ფუნქციონირებს სიტუაციური სახელმძღვანელოებისა და საგადასახადო/საბაჟო ვალდებულების განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭო, რომლის მუშაობაშიც ჩართული არიან, როგორც ფინანსთა სამინისტროს, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები,"- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.