LIVE

ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური დანახარჯი ₾248 მილიონამდე გაიზარდა - საქსტატი

16 მარ 202312:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 280
ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური დანახარჯი ₾248 მილიონამდე გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 204 600 იყო, მათ მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 1 361 100 შეადგინა. 2021 წელთან შედარებით, ვიზიტების მაჩვენებელი 3.3%-ითაა შემცირებული.

წინა წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 248.3 მილიონი ლარი იყო, რაც 9.8%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 13.9%-ით და 182.4 ლარს გაუტოლდა.

საქართველოს რეზიდენტმა ვიზიტორებმა ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტებისას ყველაზე მეტი თანხა საყიდლებში, ასევე საკვებსა და სასმელში დახარჯეს.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 317 000 ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 230 900 ვიზიტი თვეში).

საქსტატის თანახმად, 2022 წელს ვიზიტების უმრავლესობა (50.8%) მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა.  

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 39.5% თბილისის მაცხოვრებელია, 13.1% გადანაწილდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებზე, 10.8% - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით იყო წარმოდგენილი.