LIVE

ლონდონის კლუბში რეალური DJ-ის ნაცვლად ხელოვნურმა ინტელექტმა დაუკრა

15 მარ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 751
ლონდონის კლუბში რეალური DJ-ის ნაცვლად ხელოვნურმა ინტელექტმა დაუკრა

ლონდონის ღამის კლუბის სცენაზე უამრავი ადამიანი DJ-ის ნაცვლად ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული მუსიკის წინ ცეკვავდა. ექსპერიმენტული საღამოს მიზანი იყო, დაედგინათ, ექნებოდა თუ არა ხელოვნური ინტელექტის მიერ შემუშავებულ ჩანაწერებს იგივე ეფექტი, რაც რეალური DJ-ის მიერ დაკრულ მუსიკას. 

ტექნოლოგიურ სამყაროში ხელოვნური ინტელექტის განვითარება გასულ თვეებში განხილვის მთავარი საგანი იყო. ყველაზე ცნობილ ChatGPT-ის, რომელიც კომპანია OpenAI-ის მიერ შემუშავებული ჩატბოტია, შესაბამისი ბრძანების მიხედვით შეუძლია შექმნას პროზისა და პოეზიის ნიმუშები, დაწეროს აკადემიური ესეები და ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით მომხმარებელს გასცეს ადამიანურ ენასთან უკიდურესად მიახლოებული პასუხები. ხელოვნური ინტელექტის აღნიშნული პროგრესი სფეროში დიდი ინვესტიციების ჩადებისკენ უფრო მეტ ინვესტორს უბიძგებს. 

ამჯერად ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ღამის კლუბის სცენაზე გამოიცადა. 17 თებერვალს ლონდონის კლუბ The Glove That Fits-ში ღონისძიება “Algorhythm”-ზე ხელოვნური ინტელექტი DJ გახდა. 

ღამის ტექნო მუსიკასა და რიტმულ დრამებს ხელოვნური ინტელექტი Mubert ქმნიდა, რომელიც უკრაინელი და რუსი დეველოპერების გუნდის მიერ შექმნილი აპლიკაციაა. 

Mubert იყენებს ადამიანის მიერ შექმნილი რიტმებისა და მელოდიების ნიმუშებს ახალი მუსიკალური ტრეკების შესაქმნელად. მომხმარებლებს შეუძლიათ მოიწონონ ან არ მოიწონონ აპლიკაციის მიერ გენერირებული მუსიკა და ისიც შესაბამისად ადაპტირდება. 

Mubert-ის აღმასრულებელი დირექტორის, პოლ ზგორდანის აზრით, ხელოვნური ინტელექტის განვითარებით ბევრი მუსიკოსი სამსახურს დაკარგავს: “ჩვენ გვინდა მუსიკოსებს შევუნარჩუნოთ სამსახურები, მაგრამ ჩვენივე გზებით”,- განაცხადა ზგორდანმა Reuters-სთან საუბარში.

ხელოვნური ინტელექტის საღამოს ღამის კლუბში სხვადასხვა შეფასებები მოჰყვა ღონისძიებაზე მისული ადამიანებისაგან: “შეიძლებოდა, ყოფილიყო უფრო კომპლექსური”,- განაცხადა როუზ კატბერსტონსმა, 24 წლის მაგისტრის სტუდენტმა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს შეისწავლის. მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა ხელოვნურ ინტელექტს ჯერ არ ჰქონდეს საჭირო ცოდნა, რომ ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა ჟანრი დაუკრას, რაც უფრო საინტერესო იქნებოდა, თუმცა მის მუსიკაზე ცეკვა მაინც სახალისოა. 26 წლის პროგრამისტმა პიეტრო კაპეს გალეოტამ საკმაოდ პოზიტიური კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის მუსიკა ნამდვილად კარგი გასართობი იყო. 

მიუხედავად ამისა, ზგორდანი ფიქრობს, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, ხოლო Mubert-ს უნდა ჰქონდეს მსგავსი ფუნქციები, რაც ChatGPT-ის გააჩნია: “ჯერჯერობით “მუსიკის ChatGPT” არ არსებობს, რადგან მუსიკა ბევრად უფრო რთული სფეროა. ამ დროისთვის ტექნოლოგია ამისათვის მზად არაა”.