LIVE

საქართველოში IT სფეროში მედიანური ანაზღაურება 4 500 ლარია - კვლევა

19 მარ 202312:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 551
საქართველოში IT სფეროში მედიანური ანაზღაურება 4 500 ლარია - კვლევა

საქართველოში პროგრამირების სფეროში მედიანური ანაზღაურება 4 500 ლარია. IT სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ანაზღაურება ყოველწლიურად მზარდია.

შედარებისთვის, საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოში საშუალო მედიანური ხელფასი 900 ლარია, ანუ ზუსტად 5-ჯერ ნაკლები IT სპეციალისტების საშუალო ხელფასზე. როგორც კვლევის ავტორი დავით ბუმბეიშვილი ​"ბიზნეს ფორმულასთან" ამბობს, IT სფეროში დაახლოებით 3-დან 4 წლამდე პერიოდი სჭირდება ადამიანს, რათა მისი ანაზღაურება 4 500 ლარიან მედიანურ ხელფასს გაუტოლდეს. 

"ბევრი უცხოური კომპანია შემოვიდა ადგილობრივ ბაზარზეც, რამაც მათ შორის ხელფასების გაზარდა და კონკურენციაც. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ პროგრამირება ნებისმიერი ბიზნესის ძირითადი ნაწილი, რადგან ავტომატიზაციას უკეთებს იმ ყველაფრის, რასაც იდეაში ადამიანები ხელით აკეთებენ. პროგრამირების დახმარებით იზოგება ყველაზე ძვირფასი რამ - დრო და ენერგია. თუმცა სფეროში ქალების ჩართულობა არც ისე მაღალია და ამას ცხადყოფს ჩვენი კვლევის შედეგებიც. ეს კი იმ გავრცელებული სტერეოტიპების შედეგია, რის მიხედვითაც IT სპეციალობა უფრო კაცის საქმე და ქალის ტვინისთვის რთულია", - განმარტავს დავით ბუმბეიშვილი

კვლევის ფარგლებში განსაზღვრულია სფეროში დასაქმებულთა ასაკობრივი კატეგორიაც. კერძოდ, საქართველოში პროგრამირების სფეროში უმეტესობა 21-23 წლისაა, ანუ წარმოადგენს ე.წ. Gen Z თაობას. მაღალია მილენიალების ჩართულობაც. როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, გლობალური ტრენდიც ამგვარია. სამაგიეროდ, საქართველოს მონაცემები საერთაშორისო ტრენდს ჩამორჩება 14-დან 17 წლამდე ასაკის კატეგორიაში. re:educate​-ის CEO-ს, მიხელ ბასილაშვილის თქმით, ესაა სფეროს ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემა. 

 

"მოზარდების ჩართულობა საკმაოდ დაბალია და ამ პრობლემის სათავე სკოლებშია. IT სფეროსადმი ინტერესი მოზარდებში ნამდვილად დიდია, მაგრამ სამწუხაროდ, დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, ქართული სასკოლო პროგრამა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მათ ეს ინტერესი გააღრმაონ. ამიტომ, მარტივად ექცევიან სტერეოტიპების გავლენის ქვეშ და უნივერსიტეტებშიც სულ სხვა პროფესიას ირჩევენ. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ პროგრამირების მიმართულებით საქართველოში ძირითადად დასაქმებულები არიან ადამიანები, ვინც აიღო დიპლომი, მაგრამ საკუთარი პროფესიით ვერ დასაქმდა, მოგვიანებით კი ახალ პროფესიას დაეუფლა. არადა, დღეს გლობალურად (მათ შორის საქართველოში) IT სპეციალისტები ითვლებიან ყველაზე მოთხოვნად კადრებად", - ამბობს მიხეილ ბასილაშვილი.