LIVE

საქართველოსა და საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დასკვნით ეტაპზეა

15 მარ 202313:49
3 წუთის საკითხავი
clock clock 326
საქართველოსა და საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დასკვნით ეტაპზეა

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, მოლაპარაკებების მესამე, დასკვნითი რაუნდი დაიწყო.

მოლაპარაკებები, რომელსაც საქართველოს მხრიდან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობს, თბილისში ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციებს შორის მიმდინარეობს.

„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება საქართველოს მწარმოებლებს დამატებით გზას არაბთა გაერთიანებული საამიროების 10-მილიონიანი მაღალმსყიდველუნარიანი ბაზრისკენ გაუხსნის. შეთანხმება დაფარავს საქონლით ვაჭრობას, წარმოშობის წესებს და წარმოშობის პროცედურებს, საბაჟო ადმინისტრაციას და ვაჭრობის ხელშეწყობას, სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ვაჭრობაში დაცვით ზომებს, ინვესტიციას, მომსახურებით ვაჭრობას, ციფრულ ვაჭრობას და მრავალ სხვა საკითხს“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

მოლაპარაკებები 17 მარტს დასრულდება და განისაზღვრება სავარაუდო თარიღი, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შედეგად, შეთანხმების ტექსტი მზად იქნება ოფიციალური ხელმოწერისთვის. 

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში, ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. 2022 წლის 9 მაისს კი ხელი მოეწერა „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს“.

შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 2022 წლის სექტემბერში თბილისში გაიმართა, მეორე კი 2022 წლის ბოლოს დუბაიში შედგა.