LIVE

„ბლექ სი პეტროლიუმი“ ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს

13 მარ 202319:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1261
„ბლექ სი პეტროლიუმი“ ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს. მინისტრის თქმით, ინვესტიციის მოცულობა მინიმუმ 30 მლნ დოლარი იქნება. 

აღსანიშნავია, რომ „ბლექ სი პეტროლიუმი“ 2022 წელს დაფუძნდა და მისი 70%-იანი წილის მფლობელი მაკა ასათიანია.

„2012 წელს სახელმწიფოს მიერ მოხდა ტერიტორიის გამოყოფა „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიასთვის“, შემდგომში ის ჩანაცვლდა „ფაზის ოილით“. რეალურად ვერ მოხდა იმ პირობების შესრულება, რაც მთავრობამ ინვესტორებს განუსაზღვრა. 

მნიშვნელოვანი იყო, რომ აქ კომპლექსურად ისეთი წარმოება ყოფილიყო, რომელიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში მნიშვნელოვან მონაწილეობას მიიღებდა. არსებულ ინვესტორთან მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში ვაწარმოებდით. მის მიერ შემოთავაზებული იყო ახალი კომპანია, რომელიც მზად არის, რომ განახლებული პირობებით მოახდინოს ინვესტიციის განხორციელება და საქართველომ მიიღოს ის, რაც გვინდოდა, ანუ ახალი სამრეწველო კომპლექსი, სადაც ნავთობპროდუქტების გადამუშავება თანამედროვე პირობებში მოხდება.

ეს რამდენიმე ფაზიანი პროექტი იქნება, განვითარების სხვადასხვა ეტაპით. საბოლოოდ, ძალიან მაღალი დონის და საკმაოდ კომპლექსური ქიმიური მრეწველობის პროდუქტები უნდა მივიღოთ. პირველ ეტაპზე იქნება ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, სადაც მინიმუმ 30 მილიონი დოლარი ჩაიდება. შემდეგ, რამდენიმე ეტაპზე ეს ტერიტორია სამრეწველო კუთხით განვითარდება. ჩვენი მოლოდინით, ახალი ინვესტორი უკვე მიმდინარე წელს მნიშვნელოვან სამუშაოებს დაიწყებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.