LIVE

ბრიტანეთი ტაივანს 167 მილიონი ფუნტის წყალქვეშა ნავებს გადასცემს

14 მარ 202310:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 619
ბრიტანეთი ტაივანს 167 მილიონი ფუნტის წყალქვეშა ნავებს გადასცემს

ბრიტანეთმა მკვეთრად გაზარდა ტაივანისთვის გადასაცემი წყალქვეშა ნავების რაოდენობა, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მის ჩინეთთან ურთიერთობას. 

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ექსპორტის ლიცენზირების მონაცემებით, ბრიტანეთმა კომპანიებისთვის, რომელთაც წყალქვეშა ნავები და ტექნოლოგიები ექსპორტისთვის ტაივანში უნდა გაიტანონ, გასული წლის პირველ ცხრა თვეში რეკორდულად დიდი რაოდენობის, კერძოდ, 167 მილიონი ფუნტი ($201,29 მილიონი) გამოყო. Reuters-ის მონაცემთა ანალიზის მიხედვით, აღნიშნული უფრო მეტია, ვიდრე გასული ექვსი წლის განმავლობაში ერთიანად გაღებული თანხები. 

პეკინი ტაივანს ჩინეთის ნაწილად მიიჩნევს. შესაბამისად, იგი მკაცრად ეწინააღმდეგება კუნძულთან დაკავშირებულ საკითხებში საერთაშორისო ძალების ისეთ ჩარევას, რომელიც ხელს შეუწყობენ ტაივანის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებას.

Reuters-თან საუბრისას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: “თუკი ეს მართალია, მაშინ (ბრიტანეთის ქმედება)“ერთი ჩინეთის პრინციპის” უხეშ დარღვევას ნიშნავს, რაც ჩინეთის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოების ინტერესებს ეხება და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეში.” 

ბრიტანეთი ტაივანს არ აღიარებს, შესაბამისად, კუნძულთან მას არც დიპლომატიური ურთიერთობები გააჩნია. მიუხედავად ამისა, ბრიტანეთი ინარჩუნებს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ტაივანთან. ტაიპეიში ბრიტანეთის დე-ფაქტო საელჩოცაა. 

ბრიტანეთის სახელმწიფოს ორი ოფიციალური პირის განცხადებით, ლიცენზიებზე გრანტების მომატების მიზეზი ტაივანის გაზრდილი მოთხოვნაა. მიუხედავად ამისა, ზუსტად არ სახელდება არც კომპანიები და არც კონკრეტული ტიპის წყალქვეშა ტექნოლოგიები, რომლებიც ტაივანს მიეწოდება. 

ამასთან, ბრიტანეთის მთავრობამ ორშაბათს განაცხადა, რომ იგი ზრდის თავდაცვის დანახარჯებს. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ბრიტანული პრიორიტეტები ჩინეთ-რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს უკავშირდება. 

პეკინსა და ტაიპეის შორის არსებული სამხედრო დაძაბულობები ათწლეულის პიკს აღწევს. ტაივანმა, რომელიც ჩინეთის სანაპიროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 100 მილის მანძილზე მდებარეობს, 2017 წელს განაცხადა, რომ იგი აშენებს წყალქვეშა ნავების ფლოტს თავისი საზღვაო თავდაცვის გასაძლიერებლად. ათწლეულების განმავლობაში ტაივანი ვერ ახერხებდა წყალქვეშა ნავების სხვა სახელმწიფოსგან შეძენას, რადგან საფრთხეები ყოველთვის ჩინეთთან ურთიერთობების დაძაბულობას უკავშირდებოდა. პირველად ბრიტანეთმა სწორედ 2017 წელს გამოყო დაახლოებით 31 000 ფუნტის ოდენობის წყალქვეშა ტექნოლოგიები ტაივანისთვის. 2020 წელს ეს დახმარება 87 მილიონ ფუნტამდე გაიზარდა. გასულ წელს კი უკვე 167 მილიონი ფუნტის დახმარება დაამტკიცა ბრიტანეთმა.

ტაივანის დემოკრატიული ხელისუფლება მკაცრად ეწინააღმდეგება ჩინეთის სუვერენულ მოთხოვნებს და აცხადებს, რომ კუნძულის ხალხი თავად გადაწყვეტს თავის მომავალს.