LIVE

ექიმები, რომლებიც COVID19-ს პირველები შეებრძოლნენ

12 დეკ 202011:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 375
ექიმები, რომლებიც COVID19-ს პირველები შეებრძოლნენ
ჯულიო გირარდი/BLOOMBERG BUSINESSWEEK

ჩრდილოეთ იტალია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც კორონავირუსის პირველი დარტყმა გამოსცადა. მძიმე დღეები დაუდგა საავადმყოფოს "Papa Giovanni", რომელსაც 21 თებერვალს, ვირუსის დაფიქსირების პირველ დღეს, ინფექციური პაციენტებისთვის მხოლოდ 49 საწოლი და ინტენსიური მოვლის 8 პალატა გააჩნდა. შემდეგი კვირების განმავლობაში საავადმყოფოს 550 კოვიდინფიცირებულის მიღება მოუხდა, მათ შორის იყო 100 მძიმე პაციენტი. ვირუსი სწრაფად გავრცელდა ექიმებშიც. ჰოსპიტალის 4500 თანამშრომელიდან 400 დაინფიცირდა. 

ვირუსის გავრცელების შედეგად იტალიის ექიმების გილდიას 200-ზე მეტი ადამიანი გამოაკლდა. გარდა ამისა, ვირუსს ემსხვერპლნენ ექიმები, ექთნები და სხვა მომსახურე პერსონალი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკით, ახალი კორონავირუსის პირველი ტალღის დროს, დაინფიცირებულთა 14%-ს სწორედ ექიმები შეადგენდნენ.  

Bloomberg Businessweek-მა ვირუსის პირველ ტალღასთან მებრძოლი ექიმების შეფასებები მოაგროვა:

მარკო რიზი: ძალიან დამღლელი იყო. ამდენი ადამიანის გარდაცვალება საშინლად გვთრგუნავდა და ძალას გვართმევდა, მაგრამ ჩვენი მექნიზმები შევიმუშავეთ: საკმარისი იყო ჩამოგვევლო გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და სიტუაციის სიმძიმის გააზრება მოტივაციას მაშინვე გვიბრუნებდა.

მარია ბეატრის სტასი: ეს იყო საშინელი დღეები, სავსე ძლიერი ემოციებით. უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ მე ეს პროცესი ნაწილობრივ სახლში გავიარე, როცა კოვიდი დავამარცხე. ვერც ერთი კრიზისის მართვის კურსი ვერ გასწავლის, როგორ დაუპირისპირდე იმას, რაც ჩვენ გამოვიარეთ. ასეთ დროს პოულობ ენერგიას საკუთარ თავში, რომლის არსებობის შესახებ წარმოდგენა არ გქონდა.

ალბერტო კასატი: ჩვენ ვშიშობდით, რომ აპარატურა პაციენტების და სამედიცინო სტაფის საჭიროებებს ვერ გასწვდებოდა. სიტუაცია შეუსვენებლად უნდა გვემართა, წუთდან წუთამდე და რადგან იყო მომენტები, როცა სისტემის ლიმიტს ვაჭარბებდით, დიდი სიფრთხილე გვჭირდებოდა, რომ მას მაინც გაეგრძელებინა მუშაობა. ვცდილობდი, არ მელაპარაკა იმაზე, რაც ჩვენს ქალაქში ხდებოდა. სასწრაფო დახმარების მანქანების სირენის ხმა არ წყდებოდა.

სტეფანო ფაგიუოლი: მოვალეობის შესრულებისას თავადაც ავად გავხდი. ერთი კვირის განმავლობაში ვღელავდი, რადგან არ ვიცოდი რა მოხდებოდა. როდესაც მივხვდი, რომ გამიმართლა და გამოვკეთდებოდი, უკვე მხოლოდ ის მაბრაზებდა, რომ დროულად ვერ ვუბრუნდებოდი საავადმყოფოს, რათა გასაჭირში მყოფ ჩემს კოლეგებს დავხმარებოდი.

ლუკა ლორინი: ჩვენ შესანიშნავი “კათედრალი” ავაშენეთ: ინტენსიური ზრუნვის განყოფილების 100 საწოლი, ყველა ერთდროულად დაკავებული სუნთქვის აპარატზე მიერთებული პაციენტების მიერ და 500 საწოლი დანარჩენი პაციენტებისთვის. დარწმუნებული ვარ, მალე ვაქცინა გვექნება და ნორმალურ სამყაროს დავუბრუნდებით - შემდეგ პანდემიამდე.

ტატიანა ფერარი: ძალიან რთული იყო დამცავი აღჭურვილობის შოვნა, არადა საავადმყოფოს დიდი რაოდენობა სჭირდებოდა. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ყოველდღიურ საჭიროებებთან გამკლავება უზარმაზარი გამოცდა აღმოჩნდა. ჩვენ არ ვიყავით მზად პანდემიის სამართავად.

Bloomberg Businessweek-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯულიო გირარდი და ვერნონ სილვერი