LIVE

PMC-ის თანახმად, მომდევნო 6 თვესთან დაკავშირებით ეკონომისტების მოლოდინი კვლავ უარყოფითია

13 მარ 202313:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 471
PMC-ის თანახმად, მომდევნო 6 თვესთან დაკავშირებით ეკონომისტების მოლოდინი კვლავ უარყოფითია

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის I კვარტალში მათ მიერ გამოკითხული ქართველი ეკონომისტების მოლოდინი, ქვეყანაში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით უარყოფითია.

კვლევაში, სადაც განხილულია ქვეყნის ეკონომიკური კლიმატი ქართველ ეკონომისტთა შეფასებით, ვკითხულობთ, რომ მოლოდინი ოდნავ გაუმჯობესდა იმ ნეგატიურ პროგნოზთან შედარებით, რომელიც ეკონომისტებს მომდევნო ექვსი თვის მიმართ ჰქონდათ 2022 წლის მეოთხე კვარტალში.

„2023 წლის პირველ კვარტალში ქართველი ეკონომისტები დადებითად აფასებენ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას. მათი შეფასება ოდნავ გაუარესდა 2022 წლის მეოთხე კვარტლის დადებით შეფასებასთან შედარებით, მაგრამ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2022 წლის პირველი კვარტლის ნეგატიურ შეფასებასთან შედარებით.

გამოკითხული ეკონომისტების მოლოდინი საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ უარყოფითია. მოლოდინი ოდნავ გაუმჯობესდა იმ ნეგატიურ პროგნოზთან შედარებით, რომელიც ეკონომისტებს მომდევნო ექვსი თვის მიმართ ჰქონდათ 2022 წლის მეოთხე კვარტალში და საგრძნობლად გაუმჯობესდა 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით“, - აღნიშნულია PMC-ის კვლევაში „საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“. 

PMC-ის თანახმად, კვლევის ფარგლებში გამოკითხული 60 ქართველი ეკონომისტის თითქმის 83% მიიჩნევს, რომ რუსეთის ომი უკრაინაში ამჟამად მაღალი ან ძალიან მაღალი საფრთხის შემცველია საქართველოს ეკონომიკისთვის.

კვლევაში, ვკითხულობთ, რომ ეკონომისტთა უმეტესობის აზრით, ეკონომიკისთვის კიდევ ერთ საფრთხეს უნარების შეუსაბამობა წარმოადგენს.

„უნარების შეუსაბამობა ყველაზე მეტი რესპონდენტის (44%) მიერ შეფასდა, როგორც ძალიან მაღალი საფრთხე საქართველოს ეკონომიკისთვის. საერთო ჯამში, ეკონომისტების 83% ფიქრობს, რომ უნარების შეუსაბამობა ამჟამად წარმოადგენს ძალიან მაღალ, ან მაღალ საფრთხეს ეკონომიკისთვის.

თითქმის 83% ეკონომისტებისა რუსეთის ომს უკრაინაში მიიჩნევს მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხედ.

ეკონომისტების უმეტესობა (61%) გაცვლითი კურსის მერყეობას ზომიერ საფრთხედ მიიჩნევს.

განსხვავებული მოსაზრებებია საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მაღალ იმიგრაციასთან დაკავშირებით. 50% მიიჩნევს, რომ ეს არის მაღალი ან ძალიან მაღალი საფრთხე საქართველოს ეკონომიკისთვის, ხოლო 50% მიიჩნევს, რომ დაბალი ან ზომიერი საფრთხეა“, - აცხადებენ PMC კვლევით ცენტრში.

კვლევის მიხედვით, რეალური მშპ-ს მოსალოდნელი ზრდის პროგნოზი მიმდინარე წელს საშუალოდ 5.5%-ს შეადგენს. რაც შეეხება ინფლაციას, PMC პროგნოზირებს, რომ მომდევნო 6 თვის განმავლობაში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ინფლაცია შემცირდება. კვლევის თანახმად, 2023 წლისთვის ინფლაციის მოსალოდნელი მაჩვენებელი საშუალოდ 6.6%-ია.