LIVE

ნავთობის მსოფლიო ბაზარი წონასწორობას დაუბრუნდა

10 მარ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 458
ნავთობის მსოფლიო ბაზარი წონასწორობას დაუბრუნდა

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებას აშშ-ის, ევროკავშირისა და აზიაში დასავლეთის მოკავშირე ქვეყნების მხრიდან აგრესორზე დადებული მძიმე ეკონომიკური სანქციები მოჰყვა, თუმცა 12 თვის შემდეგ ნავთობის მსოფლიო ბაზარი ომამდელ მდგომარეობას წარმატებით დაუბრუნდა.  

რუსეთის ნედლი ნავთობისა და საწვავის ექსპორტისთვის ახალი მიმართულებები სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში გაჩნდა, ხოლო ევროპისთვის ახალი მიმწოდებლები ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში მოიძებნა. 

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები რუსულ ექსპორტზე, ფინანსურ კომპანიებსა თუ სატრანსპორტო მომსახურებაზე თავდაპირველად მძიმე აღმოჩნდა, თუმცა მათი შედეგები გამონაკლისების გათვალისწინებითა და აღსრულების რბილი მექანიზმებით შემსუბუქდა. 

პარალელურად, წარმოებისა და ტვირთების მიმოსვლის გლობალურად შენელების შემდეგ, შემცირდა დიზელისა და სხვა საშუალო დისტილატების მოხმარება. შესაბამისად, სანქციების მიუხედავად, მარაგების ამოწურვის საფრთხე და დეფიციტი ნაკლებად არსებობდა. 

შედეგად, ნავთობის ამჟამინდელი საორიენტაციო ფასები ომის დაწყების შემდეგ დაფიქსირებულ, გასული წლის მარტის რეკორდულად მაღალ ფასებთან შედარებით, 40%-ითაა შემცირებული. 

საწყისი შოკის შემდეგ ნედლი ნავთობის ფასები ნოემბრიდან მხოლოდ მჭიდრო დიაპაზონში მერყეობდა. რაც შეეხება ჩამოყალიბებულ ტენდენციებს:

  • Brent-ის ფიუჩერსების ვაჭრობა 2023 წლის 8 მარტს ბარელზე $83-ზე ქვემოთ დასრულდა;

  • ფასი მნიშვნელოვნადაა შემცირებული გასული წლის პიკური $134-იანი მაჩვენებლიდან, როდესაც მოვაჭრეები რუსული ექსპორტის შესაძლო შეწყვეტით შეშფოთებულები იყვნენ;

  • Brent-ის ტიპის ნავთობის ფასების წლიური ცვალებადობის მაჩვენებელი 88%-დან 25%-მდე შემცირდა. 

ამჟამად ნავთობის მარაგები მცირეა. თუ გლობალური ეკონომიკა და ნავთობის მოხმარების ზრდა კვლავ დაჩქარდება, მარაგები უფრო კრიტიკულად შემცირდება, რაც ახალ ფასებში გამოიხატება. გლობალური ეკონომიკის რეცესიის შემთხვევაში კი, მარაგები გაიზრდება, ხოლო ნავთობის ფასები კიდევ უფრო შემცირდება. 

მიუხედავად ამისა, ნავთობის ამჟამინდელი მსოფლიო ბაზარი თორმეტ თვეზე ნაკლებ დროში დაბალანსდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შოკის მიღების მიუხედავად.