LIVE

სანქცირებული პროდუქცია რუსეთში თურქეთის გავლით ვეღარ შედის - მედია

10 მარ 202313:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 521
სანქცირებული პროდუქცია რუსეთში თურქეთის გავლით ვეღარ შედის - მედია

Reuters-ი Kommersant-ზე დაყრდნობით წერს, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში, თურქეთის საბაჟო სამსახურებმა უარი თქვეს რუსეთსა და ბელარუსში ისეთი ტვირთების ტრანზიტით გატარებაზე, რომლებშიც ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონელია.

მედიის თანახმად, საბაჟო სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, რომ შესაბამისი ბრძანება თურქეთის ხელისუფლებისაგან მიიღეს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით არ ვრცელდება თურქეთის სახელმწიფო ორგანოების ოფიციალური განცხადება რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით სატრანზიტო პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით. 

ლოჯისტიკური კომპანიები ასევე აცხადებენ, რომ უკვე არსებობდა შეზღუდვების უფრო ფართო სფერო, რომელიც ევროკავშირში წარმოებული პროდუქციის რუსეთსა და ბელარუსში შეტანას კრძალავდა. შეზღუდვები თურქული წარმოების პროდუქციას არ ეხებოდა. 

უკრაინაში ომის დაწყებისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ თურქეთი გახდა მთავარი სატრანზიტო ქვეყანა რუსეთში პროდუქციის იმპორტისთვის. ამასთან, რუსეთი იყენებდა მრავალმილიარდიან “პარალელური იმპორტის” სქემას, რომელიც საშუალებას იძლეოდა დასავლური კომპანიების პროდუქცია რუსეთში ლიცენზიის მფლობელთა ნებართვის გარეშე შეეტანათ.