LIVE

პალიტრა L რუსულ კანონზე: მისი მიღება იქნება გამოუსწორებელი უკან გადადგმული ნაბიჯი

08 მარ 202317:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 648
პალიტრა L რუსულ კანონზე: მისი მიღება იქნება გამოუსწორებელი უკან გადადგმული ნაბიჯი

გამომცემლობა პალიტრა L აცხადებს, რომ ნებისმიერი ე.წ. კანონი, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას, აბრკოლებს საქართველოს ისტორიული მიზნის მიღწევას და ქვეყანას უკან სწევს. 

"გამომცემლობის მტკიცე პოზიციაა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. ეს არის ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს ისტორიული არჩევანი, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშიც მკაფიოდ არის ასახული. ვფიქრობთ, ნებისმიერი ე.წ. კანონი, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას, აბრკოლებს საქართველოს ისტორიული მიზნის მიღწევასა და განვითარებას. მისი მიღება იქნება ანტიკონსტიტუციური ქმედება და გამოუსწორებელი უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე", - ნათქვამია გამომცემლობა პალიტრა L-ის განცხადებაში.

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა. 

აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი. სპეცრაზმმა გამოიყენა რეზინის ტყვიებიც. 

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".

შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გამართულ მშვიდობიან აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს.