LIVE

გერმანია ჩინური Huawei-ს და ZTE-ს 5G აღჭურვილობის აკრძალვას განიხილავს

13 მარ 202310:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 387
გერმანია ჩინური Huawei-ს და ZTE-ს 5G აღჭურვილობის აკრძალვას განიხილავს

გერმანია თავის სატელეკომუნიკაციო 5G ქსელში Huawei-სა და ZTE-ის კომპონენტების დაბლოკვას განიხილავს. როგორც Reuters სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით წერს, განხილვები სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება. 

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის სპიკერმა დაადასტურა, რომ ქვეყანა ნამდვილად განიხილავს სატელეფონო კავშირის ტექნოლოგიების მიმწოდებლების საკითხს. 

მიუხედავად იმისა, რომ რაიმე განცხადება კონკრეტულ მწარმოებელ კომპანიასთან დაკავშირებით ჯერ არ გაკეთებულა, გერმანიის მთავრობა ჩინურ ტოპ სატელეფონო კომპანიებთან პარტნიორობის გადაფასების მნიშვნელოვან გზას ადგას და მხარს უჭერს კანონპროექტის მიღებას, რომელიც მათ შორის Huawei-ს 5G ქსელიდან დაბლოკავს. 

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხსენებაში, რომელსაც Reuters ავრცელებს, ნათქვამია, რომ ქვეყანაში აიკრძალება იმ მიმწოდებელი კომპანიების კრიტიკული კომპონენტები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად სხვა სახელმწიფოს მიერ კონტროლდება.

კვლევითი ფირმა Rhodium Group China-ს მთავარი რედაქტორის, ნოა ბარკინის პროგნოზით, “გერმანია საბოლოოდ ჩინეთთან დაკავშირებულ კომპანიებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებად განიხილავს”. მისივე განმარტებით, გერმანიაში 5G ქსელი უკვე დიდი ხანია, რაც ჩინურ მიმწოდებლებზეა დამოკიდებული, ხოლო ჩინური კომპანიების აკრძალვით ამ ცვლილების გამოსწორებას მრავალი წელი დასჭირდება. 

Huawei-სა და ZTE-ის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამ კომპანიების მჭიდრო კავშირი პეკინის უსაფრთხოების სამსახურებთან სახიფათოა, რადგან ამით შესაძლოა ჩინელ ჯაშუშებსა და დივერსანტებს წვდომა მიეცეთ გერმანიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებზე. ამის საპირისპიროდ, Huawei, ZTE და ჩინეთის ხელისუფლება აღნიშნულ მტკიცებებს უარყოფენ. გერმანიაში ჩინეთის საელჩოს განცხადებით, “თუ მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩინური მხარე ძალიან უკმაყოფილო იქნება”. Huawei-ში ამბობენ, რომ გერმანიასა და მთელს მსოფლიოში პროდუქციის მიწოდების 20-წლიანი ისტორიის განმავლობაში კომპანიას ძალიან კარგი ანგარიშები და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი აქვს. 

სავარაუდო აკრძალვასთან დაკავშირებით გერმანული ტოპ სატელეფონო კომპანიები Deutsche Telekom და Vodafone Germany აცხადებენ, რომ ისინი სრულად ასრულებენ ახლანდელ რეგულაციებს, თუმცა სამომავლოდ რაიმე პოლიტიკურ სპეკულაციებზე საუბარი არ სურთ. 

ამ ეტაპზე ევროპის მასშტაბით მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და შვედეთშია აკრძალული Huawei-ს და ZTE-ს კრიტიკული 5G ქსელის აღჭურვილობის მიწოდება.

გერმანიამ სპეციალური კანონი ტელეკომუნიკაციის სფეროსთან დაკავშირებით 2021 წელს გაატარა, თუმცა იგი დღემდე სერიოზულადაა დამოკიდებული 5G ქსელში Huawei-ზე აღჭურვილობის ნაწილში. ჩინური კომპანიების საშიშროებაზე ბერლინში უკვე უფრო ხშირად საუბრობენ.